თეთრმა სახლმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში „დემოკრატებთან“ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა
თეთრმა სახლმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში „დემოკრატებთან“ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა

თეთრმა სახლმა ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში „დემოკრატებთან“ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, სტეფანი გრიშემმა განაცხადა, „დემოკრატები“ ვიწრო პარტიულ მიზნებს ემსახურებიან და მათი ამოცანაა, 2020 წლის არჩევნებზე ზეგავლენა მოახდინონ.

თეთრი სახლის მხრიდან დემოკრატებისთვის გაგზავნილ წერილობით მიმართვაში ნათქვამია, რომ „დემოკრატების“ მიერ წამოწყებული იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებას კანონიერი და კონსტიტუციური საფუძვლები არ გააჩნია“.

„დემოკრატებმა“ გადაწყვიტეს, რომ მათი სურვილი, გააუქმონ 2016 წლის არჩევნების შედეგები, მისცემს მათ საშუალებას, ჩაატარონ ე.წ. გამოძიება იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, რაც ეწინააღმდეგება ყველა ამერიკელისთვის გარანტირებულ ძირითად უფლებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

წერილში თეთრი სახლი კიდევ უარყოფს ყველა ბრალდებას, რომელსაც დემოკრატები დონალდ ტრამპს უყენებენ. საჯარო წერილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის გადაუგზავნეს.

„დემოკრატებმა“ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა აშშ-ის პრეზიდენტისა და უკრაინის ლიდერის სატელეფონო საუბრის გამო წამოიწყეს. მათი თქმით, ტრამპი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა თანამდებობას და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკიზე ზემოქმედების განხორციელებას ცდილობდა, რათა მას დაეწყო გამოძიება ტრამპის შესაძლო კონკურენტ ჯოზეფ ბაიდენის წინააღმდეგ.