თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმრის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმრის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლში 23 ოქტომბერს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია ორი პირი: 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ი. და 1992 წელს დაბადებული ი.კ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბედიანის ხეობის მიმდებარედ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში მცხოვრები ცოლ-ქმრის, ჩინეთის მოქალაქის – პ.ქ.-ისა და ავსტრალიის მოქალაქის – ჯ.ფ.-ის სახლში მოტყუებით, უკანონოდ შეაღწიეს.

ლ.ი.-მ და ი.კ.-მ ცოლ-ქმარს და მათ ორ შვილს ხელ-ფეხი შეუკრეს, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით, უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 16 100 ლარს, ლეპტოპს, მობილურ ტელეფონებს და შემთხვევის ადგილიდან ჯ.ფ.-ის კუთვნილი ავტომობილით მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი მომხდარიდან მალევე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიტოვებული იპოვეს.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულების მიერ ყაჩაღობის გზით დაუფლებული თანხის ნაწილი, ლეპტოპი და მობილური ტელეფონი“, – აცხადებენ შსს-ში.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული რვიდან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი