თეთრიწყარო ხვალ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველ ფორუმს უმასპინძლებს
თეთრიწყარო ხვალ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველ ფორუმს უმასპინძლებს

ქვემო ქართლის რეგიონი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველ ფორუმს უმასპინძლებს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის პროცესში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნესსექტორის დაინტერესებას და გააქტიურებას ისახავს მიზნად.

ინფორმაციას ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს, რომლის თანახმად, ღონისძიება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, რეგიონის მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტის“ და კომპანია „არ-ემ-ჯის“ მიერ არის ორგანიზებული.

ფორუმის ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, მოეწყობა სანახაობრივი და გასართობი შოუ-პროგრამები – სახელოვნებო და შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენები, სპორტული და ინტელექტუალური ასპარეზობები. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი ვალერიან მჭედლიძე, ასევე ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილის პრეზენტაციებს გამართავენ.

ღონისძიების ფარგლებში თეთრიწყაროში ბარათაშვილების სასახლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ცერემონიაც გაიმართება.

ამასთან, დაგეგმილია ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების საკონცერტო ღონისძიებები და მომღერალ გიორგი სუხიტაშვილის კონცერტი.