თეთრი სახლის წარმომადგენელი - ჩვენ არ გვინდა, ვიხილოთ სროლები ღაზის საავადმყოფოში
თეთრი სახლის წარმომადგენელი - ჩვენ არ გვინდა, ვიხილოთ სროლები ღაზის საავადმყოფოში

აშშ-ს სურს, თავიდან აიცილოს შეიარაღებული დაპირისპირება ღაზის სექტორის საავადმყოფოებში და ამის თაობაზე ისრაელის თავდაცვის ძალებს განუცხადა, – ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა „სიენენთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ არ გვინდა, ვიხილოთ სროლები საავადმყოფოში, სადაც უდანაშაულო, უმწეო ხალხი, სამედიცინო დახმარების მსურველი ადამიანები ცეცხლსასროლი იარაღით არიან დაჭრილი“, – განაცხადა სალივანმა.

მისივე თქმით, აშშ ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს მძევლების დასაბრუნებლად.

„ფრთხილად უნდა ვიყოთ საჯაროდ ამ თემაზე საუბრისას, რადგან ეს, რა თქმა უნდა, დელიკატური და მგრძნობიარე მოლაპარაკებაა, თუმცა თქვენს კითხვაზე პასუხი არის: დიახ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლებშიც მონაწილეობენ ისრაელელები, სხვა ქვეყნები და ჩვენ. ამერიკის შეერთებული შტატები ასევე აქტიურად არის ჩართული ამაში, რადგან გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ სახლში დავაბრუნებთ მძევლად აყვანილ ამერიკელებს, ისევე როგორც ყველა სხვა მძევალს. ასე რომ, ეს გრძელდება. არსებობს შეთანხმება, რომელიც გულისხმობს მძევლების გათავისუფლებას და პრეზიდენტი არ აპირებს გაჩერებას, ვიდრე არ მივაღწევთ ამას, რათა თითოეულმა მძევალმა შეძლოს სახლში დაბრუნება“, – განაცხადა სალივანმა.