თეთრი სახლის თანამშრომელმა ტრამპის წინააღმდეგ კონგრესში ჩვენება მისცა
თეთრი სახლის თანამშრომელმა ტრამპის წინააღმდეგ კონგრესში ჩვენება მისცა

ამერიკელმა ვეტერანმა, რომელიც უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს ესწრებოდა, კონგრესში ჩვენება მისცა.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამშრომელი ალექსანდრ ვინდმანი დახურულ კარს მიღმა გამართულ მოსმენაში მონაწილეობდა და ჩვენება წარმომადგენელთა პალატის წევრებს მისცა. ეს მოსმენა აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გაიმართა.

ვინდმანი თეთრი სახლის პირველი თანამშრომელია, რომელიც არ დაემორჩილა დონალდ ტრამპის განკარგულებას და კონგრესში მივიდა. ვინდმანმა განაცხადა, რომ მან „ორჯერ გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ ტრამპი და აშშ-ის ელჩი ევროკავშირში გორდონ სონდლენდი შეუფერებელი გზით სთხოვდნენ უკრაინის ლიდერებს, რომ მათ აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყოთ“.

ვინდმანის თქმით, მან შეუფერებლად ჩათვალა ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყნის მთავრობა აშშ-ის მოქალაქის წინააღმდეგ გამოძების დაწყებას სთხოვდნენ.

ვინდმანი ებრაელი იმიგრანტია, რომელიც სამი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საბჭოთა კავშირიდან აშშ-ში გაიხიზნა.

თეთრი სახლის თანამშრომლის მიერ ჩვენების მიცემას „ტვიტერით“ გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. მისი თქმით, „ადამიანები, ვისაც არავინ იცნობს, აძლევენ ჩვენებას მისი ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შესახებ. მან ვინდმანს „მისი პოლიტიკის მოწინააღმდეგე“ უწოდა.