თეთრი სახლის პრესმდივანი - აშშ-ის პრეზიდენტმა სპეცსამსახურებს დაავალა, გააანალიზონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რათა რუსეთმა პასუხი აგოს საკუთარი ქმედებებისთვის
თეთრი სახლის პრესმდივანი - აშშ-ის პრეზიდენტმა სპეცსამსახურებს დაავალა, გააანალიზონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რათა რუსეთმა პასუხი აგოს საკუთარი ქმედებებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა სპეცსამსახურებს დაავალა, გააანალიზონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რათა „რუსეთმა პასუხი აგოს“ ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა ალექსეი ნავალნის მოწამვლა და აშშ-ის ფედერალური უწყებების კომპიუტერული ქსელზე განხორციელებული კიბერთავდასხმა. ამის შესახებ თეთრის სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ განაცხადა.

„ჩვენ ვმუშაობთ რუსეთთან, რათა წინ წავწიოთ აშშ-ის ინტერესები. ამასთან ერთად, ვმუშაობთ იმისთვისაც, რომ რუსეთს პასუხი ვაგებინოთ მათი ავანტიურებისა და არამეგობრული ქმედებებისთვის. ამ მიზნით, პრეზიდენტმა სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, მოამზადონ დეტალური ანალიზი კომპანია „სოლარ ვინდზე“ განხორციელებული კიბერშეტევების, რუსეთის მიერ 2020 წლის არჩევნებში ჩარევის, რუსეთის ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენებისა და ავღანეთში ამერიკელი სამხედროების ლიკვიდაციის სანაცვლოდ, რუსეთის მიერ ჯილდოს დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე“, – განაცხადა პსაკიმ.

ამასთან ერთად, თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტს „სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ შეთანხმების“ ხუთი წლით გახანგრძლივება სურს. მანამდე, ანალოგიური სურვილი გამოთქვეს რუსეთის ოფიციალურმა პირებმაც.

„ამ შეთანხმების გახანგრძლივებას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, მაშინ, როდესაც რუსეთთან არამეგობრული ურთიერთობები გვაქვს, ისე, როგორც ახლაა“, – განაცხადა პსაკიმ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.