თეთრი სახლის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება
თეთრი სახლის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება

თეთრი სახლის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება. ამის შესახებ კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპიკერმა, სარა სანდერსმა კიმ ჩენ ინის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გააკეთა, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პეკინში ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინ პინს შეხვდა.

„ჩვენ საკითხს ფრთხილად ვუდგებით, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი დანამდვილებით გვაქვს. კიმ ჩენ ინსა და სი ძინ პინს შორის გუშინდელი შეხვედრა ინდიკატორია იმისა, რომ მაქსიმალური ზეწოლის კამპანია მუშაობს“, – განაცხადა სარა სანდერსმა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 25 მარტს მოულოდნელი ვიზიტით ჩინეთს ეწვია. კიმ ჩენ ინის ჩინეთში ვიზიტის დეტალები და ხანგრძლივობა უცნობია.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პეკინში ჩინეთის სასაზღვრო ქალაქ დანდუნის გავლით სპეციალური მატარებლით ჩავიდა, რომლითაც პეკინს მამამისი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სტუმრობდა.
პეკინში სი ძინპინმა და კიმ ჩენ ინმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების საკითხი განიხილეს. კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ სეულმა და ვაშინგტონმა თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადადგან მშვიდობისკენ. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მზად არის სამხრეთ კორეასა და აშშ-სთან დიალოგისთვის. მისი თქმით, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მოაგვაროს სეულთან უთანხმოება და ურთიერთობა თანამშრომლობამდე განავითაროს.

თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ჩინეთი აფასებს იმ ძალისხმევას, რასაც ფხენიანი კორეის ნახევარკუნძულზე ვითარების გაუმჯობესებისთვის აკეთებს. პეკინი ყველა მხარეს სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩასატარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

სი ძინპინის თქმით, პეკინსა და ფხენიანს შორის მეგობრობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ერთადერთი სწორი არჩევანია, რომელიც ვერავითარმა გარე ფაქტორებმა ვერ უნდა შეცვალოს.