თეთრი სახლის ცნობით, აშშ-მა იემენელი „ჰუსიტი“ მებრძოლების რაკეტების გამშვებ დანადგარებზე იერიში მიიტანა
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-მა იემენელი „ჰუსიტი“ მებრძოლების რაკეტების გამშვებ დანადგარებზე იერიში მიიტანა

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-მა მეექვსედ მიიტანა დარტყმები იემენელი „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ამჯერად იერიშის სამიზნე იყო „ჰუსიტი“ მებრძოლების რაკეტების გამშვები დანადგარები.

გავრცელებული ცნობით, დარტყმები იემენის ტერიტორიაზე „ეფ/ეი-18“-ის (F/A-18) ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებმა განახორციელეს.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმების შემდეგ „ჰუსიტ“ მებრძოლებს წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები არ შეუჩერებიათ და, შესაბამისად, აშშ გააგრძელებს მათ პოზიციებზე იერიშებს.

ამასთან, „ჰუსიტების“ კონტროლირებადი ტელეკომპანია ავრცელებს ცნობას, რომ ავიაიერიშები იემენის დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰოდეიდაზე განხორციელდა.