თეთრი სახლი - ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის დროს, ჯო ბაიდენი უკრაინას საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემების მიწოდებას დაჰპირდა
თეთრი სახლი - ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის დროს, ჯო ბაიდენი უკრაინას საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემების მიწოდებას დაჰპირდა

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მას ჯო ბაიდენთან ნაყოფიერი საუბარი ჰქონდა, რომლის მთავარი თემაც საჰაერო თავდაცვა იყო.

„მქონდა ნაყოფიერი საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. განხილვის მთავარი თემა საჰაერო თავდაცვა იყო. ახლა ეს ნომერ პირველი პრიორიტეტია ჩვენს თავდაცვით თანამშრომლობაში. ამერიკის ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის „დიდი შვიდეულის“ მკაცრი პოზიციისა და გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ჩვენი რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხში“, – წერს ზელენსკი.

როგორც მანამდე ვიდეომიმართავში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, 11 ოქტომბერს უკრაინის საკითხზე „დიდი შვიდეული“ საგანგებო სხდომას გამართავს. ამას გარდა, ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში წარსადგენად ამზადებს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ტერორისტულ ქმედებებს.

ზელენსკისა და ბაიდენის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტმა დაგმო რუსეთის სარაკეტო დარტყმები უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე. პრეზიდენტი უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა, საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემების ჩათვლით.