თეთრი სახლი - ტრამპი მიგრაციის შესახებ დემოკრატებთან შეთანხმებას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ეს აშშ-ისთვის მომგებიანი იქნება
თეთრი სახლი - ტრამპი მიგრაციის შესახებ დემოკრატებთან შეთანხმებას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ეს აშშ-ისთვის მომგებიანი იქნება

თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპი მიგრაციის შესახებ დემოკრატებთან შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მომგებიანი იქნება.

„ჩვენ დავდებთ გრძელვადიან გარიგებას მხოლოდ იმ პირობით, თუ ეს ქვეყანას სარგებელს მოუტანს“, – ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის სპიკერმა სარა სანდერსმა გააკეთა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა კი მთავრობის მუშაობის დროებით შეჩერებაში ბრალი დემოკრატებს დასდო. მისი თქმით, იერუსალიმიდან დაბრუნებისთანავე სამუშაოს დაუბრუნდა და დემოკრატი ჩაკ შუმერის გეგმამ კრახი განიცადა.

ვაშინგტონში, სენატის გადაწყვეტილებით, სამდღიანი შეჩერების შემდეგ, მთავრობის მუშაობა განახლდა. დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა მხარი დაუჭირეს დროებით ბიუჯეტს, რომელიც 8 თებერვლამდეა გათვლილი.

მანამდე რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში დროებითი ბიუჯეტი მიიღეს, თუმცა დემოკრატი სენატორების წინააღმდეგობის გამო, კანონის დამტკიცება ვერ მოხერხდა. შედეგად, აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობა დროებით შეჩერდა.

მხარეებს შორის შეუთანხმებლობა რამდენიმე საკითხზე არსებობს. მათ შორის არის მიგრაციაც. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დემოკრატ სენატორებს ეროვნულ უსაფრთხოებაზე მეტად, არალეგალი მიგრანტების ბედი აღელვებთ.

დემოკრატები მუშაობენ კანონზე, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა მიგრანტები დეპორტაციისგან დაცულები იქნებიან.

მთავრობის დაფინანსების დროებით შეწყვეტის გამო, დახურული იყო ბიუჯეტის დაფინანსებაზე დამოკიდებული ეროვნული პარკებისა და მუზეუმების მესამედი, მათ შორის თავისუფლების ქანდაკებაც, რომლის მუშაობაც 22 იანვარს აღდგა.