თეთრი სახლი ტრანსგენდერთა ხილვადობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით რესპუბლიკელებს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
თეთრი სახლი ტრანსგენდერთა ხილვადობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით რესპუბლიკელებს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

თეთრი სახლი რესპუბლიკელებს ტრანსგენდერთა ხილვადობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით დეზინფორმაციაში ადანაშაულებს. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, ეს დღე, უკვე რამდენიმე წელია, 31 მარტს აღინიშნება.

„მე ძალიან გაკვირვებული ვარ იმ დეზინფორმაციით, რომელიც ამ საკითხის გარშემო ვრცელდება. მინდა, მკაფიოდ ვთქვა ამასთან დაკავშირებით, ყოველწლიურად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 31 მარტს ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე აღინიშნება. იმ ადამიანებმა, რომლებიც კალენდრებში ერკვევიან, იციან, რომ აღდგომა ყოველწლიურად სხვადასხვა კვირას ემთხვევა. წელს მოხდა ისე, რომ ის დაემთხვა ტრანსგენდერთა ხილვადობის დღეს. ეს არის მარტივი ფაქტი. ის, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით გვესმის, არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია. როგორც ქრისტიანი, რომელიც აღდგომას აღნიშნავს ოჯახთან ერთად, პრეზიდენტი ბაიდენი მხარს უჭერს ხალხის გაერთიანებას და თითოეული ამერიკელის ღირსებისა და თავისუფლებების დაცვას“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

კარინ ჟან-პიერმა აღნიშნულ საკითხზე ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებებს არაკეთილსინდისიერი და ტყუილი უწოდა.

„სინამდვილეში, არ არის გასაკვირი, რომ პოლიტიკოსები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის დაყოფას და შესუსტებას სასტიკი, სიძულვილით სავსე და არაკეთილსინდისიერი რიტორიკით“, -აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელთა ნაწილმა, მათ შორის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა და დონალდ ტრამპის გუნდმა გააკრიტიკეს პრეზიდენტი ბაიდენი 31 მარტს ტრანსგენდერთა ხილვადობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების გამო.