თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის დეესკალაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გადამწყვეტი ნაბიჯებით დაემუქრა
თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის დეესკალაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გადამწყვეტი ნაბიჯებით დაემუქრა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის დეესკალაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გადამწყვეტი ნაბიჯებით დაემუქრა, – ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„რუსეთის პრეზიდენტთან საუბარში ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები გადამწყვეტ პასუხს გასცემენ რუსეთს, თუ ის კიდევ შეიჭრება უკრაინაში. ბაიდენმა ასევე მხარი დაუჭირა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, რომელიც მომავალ წელს დაიწყება ორმხრივი სტრატეგიული დიალოგით, ნატო-ში, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთოში. აშშ-ის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ არსებითი პროგრესი ამ დიალოგში შესაძლებელია მხოლოდ დეესკალაციის პირობებში და არა ესკალაციის შემთხვევაში“, – ნათქვამია თეთრი სახლი განცხადებაში.

თავის მხრივ კრემლში აცხადებენ, რომ ბაიდენმა პუტინთან საუბარში განაცხადა, რომ ბირთვული ომის დაწყება დაუშვებელია.

„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ბირთვული ომის დაწყება არ შეიძლება, ასევე, რომ ამ ომის მოგება შეუძლებელია“, – აღნიშნულია  რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის გავრცელებულ ინფორმაციაში.

მისივე თქმით, ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთს და აშშ-ს შეუძლიათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ მშვიდობის უზრუნველყოფის ძალისხმევაში, როგორც ევროპაში, ისე პლანეტის სხვა ადგილებში“.

უშაკოვის მტკიცებით, ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ უკრაინაში შეტევით შეიარაღებას არ განათავსებს.

ბაიდენისა და პუტინის სატელეფონო მოლაპარაკება 50 წუთს გაგრძელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერს დელავერის შტატში, ქალაქ ველმინგტონში მდებარე სახლიდან დაურეკა.

ეს რიგით მეორე მოლაპარაკება იყო, რომელიც ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის დეკემბერში შედგა. სატელეფონო ზარი რუსეთის მოთხოვნით განხორციელდა.

მოლაპარაკების მთავარი თემა იყო უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული 100 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი და ტექნიკა.

დეკემბერში რუსეთმა გამოაქვეყნა აშშ-თან და ნატო-სთან შეთანხმებების სამუშაო ვერსია, რომელშიც რუსეთი ითხოვს იურიდიულ გარანტიებს, რომ ჩრდილო ატალანტიკური ალიანსი აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება.

დატოვე კომენტარი