თეთრი სახლი - დონალდ ტრამპმა ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს თანამშრომლების მკვლელობა და ირანთან დაგეგმილი ბირთვული მოლაპარაკებები განიხილა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს თანამშრომლების მკვლელობა და ირანთან დაგეგმილი ბირთვული მოლაპარაკებები განიხილა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
„მათ ნაყოფიერი დისკუსია ჰქონდათ. ბევრი საკითხი განიხილეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ტრაგიკული სროლა, რომელიც ვაშინგტონში, ჩვენს ქალაქში გუშინ მოხდა. მათ ასევე ისაუბრეს ირანთან პოტენციურ შეთანხმებაზე, რომელიც, პრეზიდენტის აზრით, სწორი მიმართულებით ვითარდება“, – განაცხადა ლევიტმა.
ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერმა უარი თქვა ირანთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე დისკუსიის შესახებ დამატებითი დეტალების გაზიარებაზე.
„როგორც პრეზიდენტმა მითხრა და თქვენც გითხრათ, ეს შეთანხმება ირანთან ორი გზით შეიძლება დასრულდეს: შეიძლება დასრულდეს ძალიან პოზიტიური დიპლომატიური გადაწყვეტით, ან შეიძლება დასრულდეს ძალიან უარყოფითი სიტუაციით ირანისთვის. ამიტომაც იმართება ეს მოლაპარაკებები ამ კვირის ბოლოს“,- განაცხადა ლევიტმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილეს თუ არა ლიდერებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხი, ლევიტმა უპასუხა: „რამდენადაც ვიცი, არა, მაგრამ, რა თქმა უნდა, შემიძლია, გადავამოწმო“.
ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის ქვეშ, სიძულვილს ადგილი არ აქვს. მისივე თქმით, ადამიანი, რომელიც დამნაშავეა ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობაში, სრული სიმკაცრით დაისჯება.