თეთრი სახლი - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ პოლიტიკას შეინარჩუნებს, ვიდრე მოსკოვი მიდგომებს არ შეიცვლის
თეთრი სახლი - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ პოლიტიკას შეინარჩუნებს, ვიდრე მოსკოვი მიდგომებს არ შეიცვლის

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ პოლიტიკას შეინარჩუნებს, ვიდრე მოსკოვი მიდგომებს არ შეიცვლის. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია საუბარი.

„ვფიქრობ, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან თვალნათლივ ჩანს, რომ რუსეთის მიმართ ლმობიერები არ ვიქნებით და მათგან ქცევის შეცვლას ვითხოვთ“, – განაცხადა თეთრი სახლის

პრესსპიკერმა სარა სანდერსმა მას შემდეგ, რაც დაუსვეს კითხვა, ხომ არ ატყუებდა პუტინი ტრამპს.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სანქციები 19 ფიზიკურ პირს და ერთ ორგანიზაციას დაუწესდა.

სანქციების სიაში მოხვდნენ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სამმართველოს თანამშრომლები, ასევე ინტერნეტ კვლევის სააგენტო, იგივე ე.წ. ტროლების ქარხანა.
აშშ-მა სანქციების მეშვეობით „ამერიკის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ მოქმედების“ კანონი აამოქმედა. აღნიშნულ კანონს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი გასული წლის აგვისტოში მოაწერა. კანონის მიღება აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევას უკავშირდება.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიაში არ მოხვდნენ რუსი ოლიგარქები და სამთავრობო პირები, რის გამოც ტრამპი როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების კრიტიკის ობიექტი გახდა. ორივე პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგას სანქციების კუთხით.