თეთრი სახლი - დონალდ ტრამპი ქალაქ კენოშაში ვიზიტისას პოლიციის მიერ დაჭრილი ჯეიკობ ბლეიქის ოჯახთან შეხვედრას არ გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში ვიზიტისას პოლიციის მიერ დაჭრილი ჯეიკობ ბლეიქის ოჯახთან შეხვედრას არ გეგმავს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეილი მაკენანიმ განაცხადა.
„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი კენოშაში სამართალდამცველებთან აპირებს შეხვედრას, ასევე შეისწავლის საპროტესტო აქციების დროს მიყენებულ ზარალს და ადგილობრივი ბიზნესის მფლობელებს შეხვდება.
ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ბენ უილიამსონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უფროსი მარკ მოდოუსი ბლეიქის ოჯახს გასული კვირის შემდეგ პრეზიდენტის სახელით რამდენჯერმე დაუკავშირდა და მისი გზავნილი გადასცა.
კენოშაში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 აგვისტოს ერთ-ერთ უბანში გამოძახებაზე მისულმა პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა შავკანიან მამაკაცს, ჯეიკობ ბლეიქს. სროლის დროს მანქანაში ბლეიქის სამი შვილი იმყოფებოდა. მამაკაცს ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული.
დონალდ ტრამპი კენოშაში ვიზიტს პირველ სექტემბერს გეგმავს.