თეთრი სახლი - აშშ-ის პრეზიდენტმა და კატარის ემირმა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევა განიხილეს
თეთრი სახლი - აშშ-ის პრეზიდენტმა და კატარის ემირმა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევა განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და კატარის ემირმა, თამიმ ბინ ჰამად ალ-ტანიმ განიხილეს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევა, რომლის შედეგადაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

„ორივე ლიდერი მწუხარებას გამოთქვამს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ეს ინციდენტი ხაზს უსვამს მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დასრულების აუცილებლობას და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაფართოების აუცილებლობას“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

ამასთან, ბაიდენმა და ალ-ტანიმ განიხილეს „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების მცდელობები.

„ისინი შეთანხმდნენ, რომ „ჰამასმა“ დაუყოვნებლად უნდა გაათავისუფლოს მძევლები. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მძევლების გათავისუფლება გამოიწვევს დაუყოვნებლივ და მდგრად ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში, მინიმუმ, ექვსი კვირის განმავლობაში“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 700-ზე მეტი პირი. მომხდართან დაკავშირებით დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის.