თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა 21 სექტემბერს გაიმართება
თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა 21 სექტემბერს გაიმართება

თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა 21 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. შეხვედრა ნიუ იორკში დაგეგმილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეიდან ჯო ბაიდენის ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ შედგება.

„ეს იქნება მათი მესამე შეხვედრა თეთრ სახლში. ის შედგება უკიდურესად მნიშვნელოვან დროს, როდესაც რუსეთი სასოწარკვეთილი ეძებს დახმარებას ჩრდილოეთ კორეის მსგავსი ქვეყნებისგან უკრაინაში თავისი სასტიკი ომისთვის, უკრაინის ძალების კონტრშეტევა კი, პროგრესს განაგრძობს“, – განაცხადა სალივანმა.

ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალი კვირის დასაწყისში რამშტაინის ფორმატში საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის შესახებ ამერიკული მედიაც წერს. გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ზელენსკი ასევე ეწვევა კონგრესს, რათა დაარწმუნოს ამერიკელი კანონმდებლები, მხარი დაუჭირონ უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას.