თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს
თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს

თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს.

დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დაწყებამდე, უკრაინის პრეზიდენტმა იმ საკითხების შესახებ ისაუბრა რომელთა განხილვასაც ჯო ბაიდენთან გეგმავს.

ვლადიმირ ზელენსკიმ დიდი მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ორ მილიონზე მეტი დოზა ვაქცინის გაგზავნისა და აშშ-ის მხრიდან 60 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ის ჯო ბაიდენთან უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას გეგმავს. კერძოდ, საუბარია დონბასში არსებულ სიტუაციაზე, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან დაკავშირებულ საკითხებსა და ასევე, შავი და აზოვის ზღვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ თემებზე.

ზელენსკის თქმით, მას ასევე სურს აშშ-ის პრეზიდენტთან უკრაინის ენერგოუსართხოებასთან დაკავშირებული საკითხების, კერძოდ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის პროექტისა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

თავის მხრივ, პრეზიდენტ ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის აგრესიის ფონზე და უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტთან დემოკრატიული რეფორმების გატარებაში დახმარების აღმოჩენის, თავდაცვის სფეროში ახალი სტრატეგიული პარტნიორობის, ასევე ახალი ენერგეტიკული და კლიმატური საკითხების განხილვას გეგმავს.