თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარებს
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარებს

აშშ რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“, რომლის ათასობით მებრძოლი უკრაინაში იბრძვის, ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარებს. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.

ვაშინგტონი ასევე აპირებს, დამატებითი სანქციები დაუწესოს „ვაგნერის“ დაჯგუფებას, მის ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს და მებრძოლებს. სანქციების დაწესება იგეგმება მათთვისაც, ვინც „ვაგნერთან“ თანამშრომლობს ან ეხმარება.

როგორც პენტაგონში განაცხადეს, „ვაგნერის“ წევრები როგორც უკრაინაში, ისე მსოფლიოს სხვა ნაწილებში არღვევენ ადამიანის უფლებებს და ჩადიან სისასტიკეს. აშშ-ში მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ამჟამად „ვაგნერის“ 50 000 მებრძოლი იმყოფება, რომელთაგან 40 000 მსჯავრდებულია.

ამასთან, როგორც აშშ-ში განაცხადეს, უკვე გადასცეს მტკიცებულება გაერო-ს, რომ „ვაგნერი“ შეიარაღებას ჩრდილოეთ კორეისგან ყიდულობს. მათ შორის არის რაკეტებიც.

„ახლა, როდესაც რუს სამხედროებს უჭირთ უკრაინაში, პრეზიდენტი პუტინი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული „ვაგნერზე“, რომლის მფლობელი ევგენი პრიგოჟინია. ჩვენ ასევე ვხედავთ ნიშნებს, რომ „ვაგნერსა“ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორს დაძაბულობა იზრდება. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი „ვაგნერს“ გამოაცხადებს ტრანსნაცინალურ კრიმინალურ დაჯგუფებად და შემდეგ კვირას დავაწესებთ დამატებით სანქციებს“, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ.