თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ აშშ, პარტნიორებთან ერთად, მუშაობდა პატიმრების გაცვლის შეთანხმებაზე, რომელშიც ალექსეი ნავალნიც უნდა შესულიყო
თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ აშშ, პარტნიორებთან ერთად, მუშაობდა პატიმრების გაცვლის შეთანხმებაზე, რომელშიც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნიც უნდა შესულიყო. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა“, – აღნიშნა სალივანმა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაციამ საჯაროდ დაადასტურა მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან ალექსეი ნავალნის გასათავისუფლებლად.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი არქტიკის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. კრემლი მის სიკვდილთან კავშირს უარყოფს.
რუსეთსა და დასავლურ ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს ალექსეი ნავალნის გუნდის რამდენიმე წევრი. კერძოდ, მისი შტაბების ყოფილი უფროსები ლილია ჩანიშევა, ქსენია ფადეევა და ვადიმ ოსტანინი.
პატიმრების გაცვლას გამოეხმაურა ნავალნის გუნდის წევრი ლეონიდ ვოლკოვი.
„დღეს ჩვენ ვხარობთ პოლიტპატიმრების, პუტინის მძევლების გათავისუფლებას, რომლებმაც გადაიტანეს პუტინის „გულაგი“. თუმცა, ეს არის სიხარული ცრემლებით. „ნავალნის გაცვლა“ საბოლოოდ შედგა, თუმცა ნავალნის გარეშე. ეს ძალიან მტკივნეულია“, – აღნიშნა ვოლკოვმა.