თეთრ სახლში აცხადებენ, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერს აქვს ტაივანში ჩასვლის უფლება
აშშ არ შეშინდება და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს აქვს ტაივანში ჩასვლის უფლება, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ნენსი პელოსის და მისი გუნდის გადასაწყვეტია, ეწვევა თუ არა ის ტაივანს აზიური ტურნეს ფარგლებში.
მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი სამხედროები „ხელებდაკრეფილი არ ისხდებიან“, თუ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავა.
„სპიკერს აქვს ტაივანში ვიზიტის უფლება და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი აქამდეც ჩასულა ტაივანში ინციდენტის გარეშე ისევე, როგორც კონგრესის მრავალი წევრი, მათ შორის მიმდინარე წელს. მსოფლიომ იხილა, აშშ-მა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ არაფერი შეცვლილა. არაფერი შეცვლილა ჩვენს „ერთი ჩინეთის პოლიტიკასთან“ დაკავშირებით“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ჩინეთს არ აქვს მიზეზი, რომ პოტენციური ვიზიტი, რომელიც აშშ-ის გრძელვადიან პოლიტიკას შეესაბამება, აქციოს გარკვეულ კრიზისად ან კონფლიქტად, ან გამოიყენოს ის ტაივანის სრუტეში ან მის გარშემო აგრესიული სამხედრო ქმედებების გააქტიურების საბაბად.
როგორც ჩინეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, იმის გამო, რომ „ნენსი პელოსი არის აშშ-ის მთავრობის მესამე პირი“, მისი ვიზიტი ტაივანში, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, მნიშვნელოვან პოლიტიკურ შედეგს გამოიწვევს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ აზიაში ვიზიტი პირველ აგვისტოს სინგაპურიდან დაიწყო. ჯერ ოფიციალურად არ არის დადასტურებული, რომ ის ტაივანში ჩავა.