თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთს შეუძლია, უკრაინაში შესაჭრელად ყალბი მიზეზი შექმნას
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთს შეუძლია, უკრაინაში შესაჭრელად ყალბი მიზეზი შექმნას

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთს შეუძლია შექმნას ყალბი მიზეზი უკრაინაში შესაჭრელად, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველ ჯეიკ სალივანის განცხადებაში.

მისი თქმით, რუსეთმა ამ ქმედებებისთვის „საფუძვლის ჩაყრა“ უკვე დაიწყო.

„ჩვენი დაზვერვა ამოწმებს ინფორმაციას, რომ რუსეთი მუშაობს, რათა გააყალბოს საბაბი უკრაინაში შეჭრისთვის და ამისთვის იყენებს საბოტაჟს და საინფორმაციო ოპერაციებს, რომლის ფარგლებში, უკრაინას დასდებს ბრალს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მყოფ რუსულ ძალებზე თავდასხმაში“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი.

მისივე თქმით, ანალოგიური სცენარი მსოფლიომ ნახა 2014 წელსაც. სალივანი ამბობს, რომ აშშ-მა უკვე მიიღო დამატებითი ინფორმაცია რუსეთის გეგმის შესახებ და მას უახლოეს 24 საათში გაავრცელებს.

სალივანმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-სა და მათ მოკავშირეებს, სანქციების გარდა, აქვთ სხვა ინსტრუმენტებიც, რომლებსაც გამოიყენებენ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.

„ეს ინსტრუმენტები ასევე ეხება რუსეთის უსაფრთხოების შესაძლებლობებს და ინტერესებს“, – ამბობს სალივანი.