თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პაკისტანის უზენაესი სასამართლოს მიერ ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობისთვის გასამართლებულის გათავისუფლება ტერორიზმის მსხვერპლთა შეურაცხყოფაა
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პაკისტანის უზენაესი სასამართლოს მიერ ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობისთვის გასამართლებულის გათავისუფლება ტერორიზმის მსხვერპლთა შეურაცხყოფაა

თეთრი სახლი აღშფოთებულია პაკისტანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაათავისუფლოს ამერიკელი ჟურნალისტის დენიელ პირლის მკვლელობისთვის გასამართლებული ისლამისტი.

როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, პაკისტანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის მთელს მსოფლიოში ტერორიზმის მსხვერპლთა შეურაცხყოფა.

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ვაშინგტონი დენიელ პირლის ოჯახისთვის სამართლიანობის უზრუნველყოფისთვის მზად არის. ჯენ ფსაკიმ მოუწოდა პაკისტანის ხელისუფლებას, განიხილოს შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელად კანონიერი გზები, მათ შორის ბრალდებულების აშშ-ის მიერ გასამართლება.

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ამერიკელი ჟურნალისტის, დენიელ პირლის თავის მოკვეთის ბრალდებით გასამართლებული ისლამისტის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ბრიტანული წარმომავლობის აჰმედ ომარ საედ შეიხი 2002 წელს „უოლ სთრით ჯოურნალის“ რეპორტიორის გატაცებისა და მკვლელობის საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი იყო. სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ორი ხმით ერთის წინააღმდეგ ის გაამართლა.

38 წლის დენიელ პირლი კარაჩიში ისლამისტი მებრძოლების საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებდა, როდესაც ის გაიტაცეს. რამდენიმე კვირაში კი ჟურნალისტისთვის თავის მოკვეთის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა.

დატოვე კომენტარი