თეთრ სახლში აცხადებენ, რომ „მოსკოვზე თავდასხმის“ შესახებ დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბარი მედიაში კონტექსტის გარეშე გავრცელდა
თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ „მოსკოვზე თავდასხმის“ შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საუბარი მედიაში კონტექსტის გარეშე გავრცელდა.
ლივიტმა ნათქვამის უკონტექსტოდ გავრცელებაში „ფაინენშალ თაიმსი“ დაადანაშაულა.
„პრეზიდენტი ტრამპი მხოლოდ კითხვებს უსვამდა და არ მოუწოდებდა შემდგომი მკვლელობისკენ. ის დაუღალავად მუშაობს, რომ მკვლელობები შეაჩეროს და ეს ომი დასრულდეს“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
ცნობისთვის, „ფაინენშალ თაიმსმა“ დაწერა, რომ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის პირდაპირ ჰკითხა, შეძლებს თუ არა უკრაინა მოსკოვზე იერიშს.
„ვოლოდიმირ, შეგიძლიათ, მოსკოვს დაარტყათ? სანკტ-პეტერბურგს?“ – იკითხა დონალდ ტრამპმა, რაზეც უკრაინის ლიდერმა დადებითად უპასუხა. „რა თქმა უნდა, შეგვიძლია, თუ იარაღს მოგვაწვდით“, – უპასუხა ზელენსკიმ ტრამპს.