თეთრ სახლში აცხადებენ, რომ, კონგრესთან კონსულტაციით, გააგრძელებენ თურქეთისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ, კონგრესთან კონსულტაციით, გააგრძელებენ თურქეთისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
როგორც სალივანმა განაცხადა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „მკაფიოდ თქვა, რომ მხარს უჭერდა ტრანსფერს“.
ამასთან, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს არ უთქვამს დეტალები კონკრეტული დროის შესახებ, თუ როდის მოხდება ავიაგამანადგურებლების გადაცემა.
სალივანმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს მოკავშირეები მიიღებენ ერთიან, პოზიტიურ სიგნალს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გზაზე, რაც ვილნიუსში განხილვის მთავარი თემა იქნება.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტი თაიფ ერდოღანი დათანხმდა შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას.