თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას კიდევ ხუთი ქვეყანა განიხილავს
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას კიდევ ხუთი ქვეყანა განიხილავს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას კიდევ ხუთი ქვეყანა განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, მარკ მიდოუსმა განაცხადა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, თეთრი სახლის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ხუთ სახელმწიფოზეა საუბარი. თუმცა განაცხადა, რომ ეს ქვეყნები ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან არიან.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში თეთრ სახლში არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ომანი შესაძლოა, იყოს ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას გეგმავდეს. თეთრ სახლში ხელმოწერის ცერემონიას ომანის ელჩი ესწრებოდა. ამასთან, მანამდე დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას საუდის არაბეთიც დათანხმდეს.