თეთრ სახლში აცხადებენ, რომ  ჩრდილოეთ კორეამ რუსულ სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ნოემბერში მიაწოდა ნაღმტყორცნები და რაკეტები, რომლებსაც ისინი უკრაინაში იყენებენ
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსულ სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ნოემბერში მიაწოდა ნაღმტყორცნები და რაკეტები, რომლებსაც ისინი უკრაინაში იყენებენ

მედიის ინფორმაციით, თეთრ სახლში დაადასტურეს „როიტერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩრდილოეთ კორეა რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ იარაღს აწვდის.

როგორც მედია იუწყება, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორის, ჯონ კირბის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ნოემბერში მიაწოდა ნაღმტყორცნები და რაკეტები, რომლებსაც ისინი უკრაინაში იყენებენ.

ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში იარაღის მიწოდების ფაქტს გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ჯეიმს კლევერლის განცხადებით, ის ფაქტი, რომ პუტინმა დახმარების თხოვნით ჩრდილოეთ კორეას მიმართა, რუსეთის სასოწარკვეთილებისა და იზოლაციის ნიშანია.

აშშ-ის ინფორმაციით, უკრაინაში ამჟამად რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 50 000-მდე მებრძოლი იბრძვის, რომელთაგან 40 000 ყოფილი პატიმარია.

ცნობისთვის, დღეს სააგენტო „როიტერმა“  ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ იარაღს ჩრდილოეთ კორეიდან ყიდულობს.