თეთრ სახლში აცხადებენ, რომ 4 ივლისს დაგეგმილი აღლუმი პატრიოტული იქნება და არა პოლიტიკური
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ 4 ივლისს დაგეგმილი აღლუმი პატრიოტული იქნება და არა პოლიტიკური

აშშ-ში 4 ივლისს დაგეგმილი აღლუმი პატრიოტული იქნება და არა პოლიტიკური. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსთან“ საუბრის დროს აღნიშნეს, რომ დამოუკიდებლობის დღეს აბრაამ ლინკოლნის მემორიალთან, დონალდ ტრამპის მიერ წარმოთქმული სიტყვა პატრიოტული ელემენტებით იქნება გაჯერებული და პრეზიდენტი პოლიტიკური განცხადებებისგან თავს შეიკავებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღეს 4 ივლისს აღნიშნავენ. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, დღესასწაულზე აღლუმი გაიმართება. იგეგმება სამხედრო მძიმე ტექნიკის გამოყვანა. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დედაქალაქში რამდენიმე საათით საჰაერო სივრცე დაიხურება. ამ დროს ვაშინგტონის ცას აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლები დაიკავებენ და შოუს მოაწყობენ.

გავრცელებული ცნობით, აღლუმზე წარმოდგენილი იქნება ბომბდამშენი ბი-2, ასევე ავიაგამანადგურებლები ეფ-35 და ეფ-22, რის შემდეგაც ვაშინგტონში მასშტაბური ფოიერვერკი იგეგმება.

ამერიკელი პოლიტიკოსები დამოუკიდებლობის დღეზე დაგეგმილ აღლუმს ეწინააღმდეგებიან. როგორც კოლუმბიის ოლქის საბჭო აცხადებს, ვაშინგტონში მასშტაბური აღლუმის გამართვის შედეგად შესაძლოა, ქალაქის ინფრასტრუქტურა დაზიანდეს. პოლიტიკოსების განმარტებით, თითოეული ტანკი 60 ტონას იწონის, ეს კი, საავტომობილო გზებს მნიშვნელოვნად დააზიანებს.

დავის საგანს წარმოადგენს აღლუმის ბიუჯეტიც. ჯერჯერობით უცნობია, რა ჯდება 2019 წლის დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი ცერემონია, თუმცა 2018 წელს პენტაგონის მიერ გადადებული აღლუმი 90 მილიონი დოლარი უნდა დამჯდარიყო.