ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის, ხელისუფლების ძალადობრივი გზით მიტაცების ბრალდებით, რუსეთმა ბიზნესმენ მიხაილ ხადარკოვსკის, გარი კასპაროვის და სხვა 20-ზე მეტი პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) საზღვარგარეთ მცხოვრები ბიზნესმენის, მიხაილ ხადარკოვსკის წინააღმდეგ ტერორისტული ორგანიზაციის შექმნისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით მიტაცების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, გამოძიება ამავე ბრალდებით მიმდინარეობს 20-ზე მეტი პირის მიმართ, მათ შორის ცნობილი დისიდენტის, ვლადიმირ ყარა-მურზას და ჭადრაკის ყოფილი ჩემპიონის, გარი კასპაროვის, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მიხაილ კასიანოვისა და ცნობილი ეკონომისტების, სერგეი ალექსაშენკოსა და სერგეი გურიევის წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ ორი კვირით ადრე ამას წინ უძღოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება, რომლის თანახმადაც იქმნება „დიალოგის პლატფორმა“ და იწყება ახალი ეტაპი ხელისუფლებისგან დევნაში მყოფ რუსულ დემოკრატიულ ძალებთან.
უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ მიხაილ ხადარკოვსკიმ ეს წარმოადგინა, როგორც ალტერნატიული რუსული ხელმძღვანელობა. უწყება ასევე ადანაშაულებს ხადარკოვსკის უკრაინის გასამხედროებული დანაყოფების დაფინანსებაში, რათა გამოიყენოს ისინი ძალაუფლების მისატაცებლად.
ბრალდებას უარყოფს თავად მიხაილ ხადარკოვსკი და მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს აფასებს, როგორც ნიშანს, რომ ევროსაბჭოს ინიციატივა კრემლისთვის „სერიოზული პრობლემაა“.
ცნობისთვის, რუსეთმა ევროპის საბჭო 2022 წელს გაერთიანებიდან გაგდების მუქარის ფონზე დატოვა.