ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია - „ღვარცოფები: კატასტროფები, რისკი, პროგნოზი, დაცვა“ გაიხსნება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეს მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით – „ღვარცოფები: კატასტროფები, რისკი, პროგნოზი, დაცვა“ გაიხსნება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 22 ქვეყნის 200-მდე მეცნიერი, მკვლევარი და ექსპერტი, მათ შორის UNESCO-ს წარმომადგენლები.
კონფერენციას ასევე დაესწრებიან და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.
„ღვარცოფული პროცესების პროგნოზირება, მონიტორინგი, რისკების შეფასება და მართვა ჩვენი პლანეტის პრობლემურ საკითხთა ნუსხაშია. აღნიშნული თემატიკა განსაკუთრებულად აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვისაც, სწორედ ამის გათვალისწინებით, ღვარცოფულ საკითხებთან დაკავშირებული მეხუთე საერთაშორისო კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა, ორგანიზატორი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“, – აცხადებენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
კონფერენცია დღეს, 09:00 საათზე გაიხსნება და 5 ოქტომბერს დასრულდება.