ტექდათვალიერების ამოქმედებიდან დღემდე, შემოწმებული სატრანსპორტო საშუალებებიდან ყოველმა მეოთხემ ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა
ტექდათვალიერების ამოქმედებიდან დღემდე, შემოწმებული სატრანსპორტო საშუალებებიდან ყოველმა მეოთხემ ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა

ტექდათვალიერების ამოქმედებიდან დღემდე, შემოწმებული 56 906 სატრანსპორტო საშუალებიდან ყოველმა მეოთხემ, ანუ 13 360-მა ავტომობილმა ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ეკონომიკის სამინისტრომ მოაწოდა.

„განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე ტესტირების ცენტრებს 9 655 -მა მიმართა. 3 705 სატრანსპორტო საშუალებამ კი განმეორებითი შემოწმება არ გაიარა. 1 539 სატრანსპორტო საშუალებას გზებზე მოძრაობა საერთოდ აეკრძალა“, – განმარტეს ეკონომიკის სამინისტროში.

ტექნიკური ინსპექტირება ამჟამად ვრცელდება მიკროავტობუსებზე, ავტობუსებზე, სატვირთო, სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების ავტომობილებზე.

ოქტომბრიდან ტექდათვალიერების გავლა 3,0-ზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებისთვის იქნება სავალდებულო.

მთელს ავტოპარკზე სავალდებულო ტექდათვალიერება კი 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

ინსპექტირების ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი, სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი 100 ლარია.

თუ მძღოლი ერთთვიან ვადაში ხარვეზს არ გამოასწორებს, 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირისთვის ჯარიმა 200 ლარით განისაზღვრა.

დატოვე კომენტარი