თეონა აქუბარდია - ვფიქრობ, პრეზიდენტმა რეალურად შეაფასა საფრთხე, რომლის წინაშეც დღეს ყველა ვდგავართ
თეონა აქუბარდია - ვფიქრობ, პრეზიდენტმა რეალურად შეაფასა საფრთხე, რომლის წინაშეც დღეს ყველა ვდგავართ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, პრეზიდენტმა დღევანდელ განცხადებაში რეალურად შეაფასა არსებული საფრთხე, როცა საუბარია, რომ ქვეყანა დაშორდა ევროპულ გზას.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაასრულოს მმართველობა, რათა საქართველო იყოს შემდგარი, სტაბილური და დასავლური ტიპის სახელმწიფო.

„ვფიქრობ, პრეზიდენტმა რეალურად შეაფასა ის საფრთხე, რის წინაშეც დღეს ყველა ვდგავართ, როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ ქვეყანა დაშორდა ევროპულ გზას, ევროპულ არჩევანს და აქედან გამომდინარეობს მისი ასეთი მკაცრი განცხადება, შეიძლება ითქვას, გაკიცხვაც კი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით. ვფიქრობ, ის განცხადება, მოწოდება, რომელიც ვნახეთ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ უსვამს ხაზს, რომ „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ ატყუებს საკუთარ ხალხს, როდესაც 75-მილიონიან დახმარებაზე უარს ამბობს იმ მოტივით, თითქოს ჩვენ მდიდრები ვართ და ყველაფერი კრგად გვაქვს, არამედ ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ გადაუხვია დასავლურ კურსს.

რეალურად, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნებისთვის“ საქართველოს ერთადერთი არჩევანი რჩება რუსეთი და არაკეთილმოსურნე ძალები, რომლებიც არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნით არიან. ამიტომ ვულოცავ ბატონ ივანიშვილს, მას მორიგი პრეზიდენტიც გაუპრეზიდენტდა რეალურად და ეს არის იმის მანიშნებელი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაასრულოს თავისი მმართველობა, წავიდეს სახლში, რათა საქართველო იყოს შემდგარი, სტაბილური და დასავლური ტიპის სახელმწიფო“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სესხზე უარის თქმის შესახებ დღეს ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, სესხზე გაცხადებული უარი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად მისთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, გაუგებარია, რა განაპირობებს, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული. ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, როდესაც მოქალაქეებს ჰპირდებიან „მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში“, ევროპელ პარტნიორებს კი 2024 წლისთვის კანდიდატურის განაცხადის შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია პარტნიორების სრული ნდობის შენარჩუნება.