თეონა აქუბარდია - „რუსული კანონის“ დაბრუნების განაცხადი არის ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც გვაბრუნებს უკან, წარსულში
ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო ბრძოლა გამოაცხადა საქართველოს გაცხადებული ინტერესის წინააღმდეგ, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.
„„რუსული კანონის“ დაბრუნების განაცხადი, რაც ახლა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დააანონსა, არის სწორედ ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც გვაბრუნებს უკან, წარსულში. უკან, რუსული ყაიდის ტიპის ქვეყნის ცხოვრებაში და ართმევს შესაძლებლობას მოქალაქეების იმ 85 პროცენტს, რომელთაც სურთ, იხილონ ევროპა საქართველოში და არა ემიგრაციაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ დროებითი მოგება, რაც ქართველმა ხალხმა შეძლო „ქართულ ოცნებასთან“, როდესაც პროტესტის შედეგად გავაჩერეთ „რუსული კანონი“ და მოუწიათ უკან წაღება, იყო დროებითი“, – აღნიშნა აქუბარდიამ.
თეონა აქუბარდიას განმარტებით, „თავდასხმების სერია არასამთავრობოებზე, დასავლეთზე, ოპოზიციასა და ქართულ დემოკტატიაზე იყო გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ „ქართული ოცნება“ გაბედავდა კანონის კიდევ ერთხელ შემოტანას“.
„ეს კანონი ქვეყანას ართმევს შესაძლებლობას, ვიცხოვროთ ისე, როგორც ამას ჩვენ თვითონ ვწყვეტთ და არა კრემლის დიქტატით და „ქართული ოცნების“ კარნახით. შესაბამისად, ამ მოცემულობაში არის ბრძოლის გადამწყვეტი ფაზა – როგორ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ გავაგრძელებთ შეუპოვარ ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა გვებრძოლა ქალთა უფლებებზე, ქალთა თანასწორობაზე, დაგვეგმო ის კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“, და არა „გირჩმა“, დააინიცირა პარლამენტში, რათა ქალთა თანამონაწილეობა მოეშალა, მაგრამ დღეს ქალები ვიქნებით კვლავ ძლიერი და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოში არასოდეს დაბრუნდეს წარსული, რომელიც სურს „ქართულ ოცნებას“, საქართველოში კრიტიკული აზრი, დამოუკიდებელი ხმა და ქვეყნის ევროპული არჩევანი იყოს დაცული“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
„ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელახლა წარადგენს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვლება და წარდგენილი იქნება შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.