თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესში ვერ მოხერხდა კომპრომისის მოძებნა და 90 „კი“-ს მოძიება
თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესში ვერ მოხერხდა კომპრომისის მოძებნა და 90 „კი“-ს მოძიება

სახალხო დამცველის არჩევის პროცესში ვერ მოხერხდა კომპრომისის მოძებნა და 90 „კი“-ს მოძიება, – განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„მიუხედავად „ქართული ოცნების“ მცდელობისა, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩავარდნა ოპოზიციას გადააბრალოს, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ ამ პროცესში ვერ მოხერხდა კომპრომისის მოძებნა და 90 „კი“-ს მოძიება“, – განაცხადა აქუბარდიამ.

შეკითხვაზე, არის თუ არა მისთვის არგუმენტი ხელისუფლების მთავარი არგუმენტი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატის არჩევის შემთხვევაში ეჭვქვეშ დგებოდა სახალხო დამცველის პოლიტიკური მიუკერძოებლობა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ მისთვის ეს არგუმენტი არ არის.

„იმიტომ, რომ მე რასაც ვუყურებ „ქართულ ოცნებას“, მათ შორის პარლამენტში, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც გარეთ ვიყავი, პოლიტიკის მიღმა, მათთვის ნებისმიერი კრიტიკული აზრი არის მიუღებელი და საფრთხის შემცველი“, – განაცხადა აქუბარდიამ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება წონადი არ იყო.

„ადამიანი, რომელსაც კრიტიკული აზრი და პოზიცია არ აქვს, აქტიური მოქალაქე არ არის. შეუძლებელია, 10 წლის განმავლობაში ყველაფერი მოგწონდეს, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. მე შორს ვარ იქიდან, რომ პოლიტიკურად იყოს ადამიანი აქტიური, მაგრამ თუ ვლაპარაკობთ პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობაზე, ასეთი ადამიანები იყვნენ პარლამენტში, მაგრამ, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ჩაეშალა პროცესი და მონაწილეობა არ მიეღო“, – განაცხადა აქუბარდიამ.

შეკითხვაზე, გრძნობს თუ არა ევრორეკომენდაციის ბოლო პუნქტის ამ ეტაპზე ჩავარდნის გამო პასუხისმგებლობას ოპოზიციაც და თუ გრძნობს, რატომ არ წავიდა კანდიდატებთან დაკავშირებით კომპრომისზე, აქუბარდიამ აღნიშნა, რომ ოპოზიცია, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას გრძნობს, თუმცა ისინი ბრმად ვერ დაუჭერდნენ მხარს ისეთ კანდიდატებს, რომელთა მიმართებაშიც მიუკერძოებლობის და კომპეტენციის ტესტი გავლილი არ იყო.

„როდესაც საუბარია იმ ხუთ კანდიდატზე, რომლებსაც „ქართული ოცნება“ მხარს უჭერდა, მათი შეფასება კვალიფიკაციის კუთხით არ იყო იმ ხარისხის, რა ხარისხიც ამ პოზიციას სჭირდებოდა. მე, პირადად, აქედან გამოვედი, როდესაც საუბარი იყო კომპრომისზე, რომ კანდიდატი უნდა ყოფილიყო კვალიფიციური, კომპეტენტური და მიუკერძოებელი. ამ შემთხვევაში, ამ ტესტს ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ იმ კომისიის ქულებით, რომელიც პაპუაშვილის კომისიას ჰქონდა მინიჭებული“, – განაცხადა აქუბარდიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ევროკომისია იმ ფაქტს, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესი გადავადდა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ ეს იქნება კიდევ ერთი კრიტიკის საგანი, რადგან რეკომენდაციაში საუბარია გამჭვირვალე პროცესზე და პროცესის ჩავარდნა მიემატება საქართველოსთან მიმართებაში იმ უარყოფით შეფასებებს, რომელიც, სამწუხაროდ, დასავლეთში არსებობს.

ამასთან, თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსი არის შესაძლებლობა და ღია კარი ორი და სამი წელი არ დარჩება.

„თუ ჩვენ ამ შეზღუდულ დროში, სულ რაღაც ერთი წლის ფარგლებში ვერ მოვასწარით, რომ გავაკეთოთ ყველა რეფორმა და კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, შემდგომ უკვე დიდი ხნით დაიხურება ეს ფანჯარა. სამწუხაროდ, ასეთი პრაქტიკა და გამოცდილება საქართველოს აქვს წარსულშიც“, – განაცხადა აქუბარდიამ.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭიროა 12 რეკომენდაციის შესრულება, დემოკრატიული რეფორმები და მეორე, საქართველოს პოზიციონირება, თუ რომელ მხარეს დგას უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

„ჩვენ რომ სულ 12-ვე რეკომენდაცია შევასრულოთ, უკრაინის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთი რეალობა ეს არის დასავლეთის წინააღმდეგ ის თავდასხმები, რომელსაც, სამწუხაროდ, პარლამენტში ვხედავთ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხრიდან, რაც რეაგირების გარეშე არ რჩება“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.