თეონა აქუბარდია - პრეზიდენტის ინიციატივა მომწონს, მზაობას ვაცხადებ ჩართულობაზე, ვაპირებ შეხვედრას და საუბარს, როგორ შეგვიძლია გაერთიანება ეროვნული ინტერესებისთვის
თეონა აქუბარდია - პრეზიდენტის ინიციატივა მომწონს, მზაობას ვაცხადებ ჩართულობაზე, ვაპირებ შეხვედრას და საუბარს, როგორ შეგვიძლია გაერთიანება ეროვნული ინტერესებისთვის

პრეზიდენტის ინიციატივას ვიწონებ და მზაობას ვაცხადებ ჩართულობაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, აპირებს, შეხვდეს სალომე ზურაბიშვილს და ისაუბროს, როგორ იქნება შესაძლებელი გაერთიანება ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.

„რუსული ოკუპაციიდან ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენებით საქართველოს ეგზისტენციალური გამოწვევები როცა აქვს, როცა გვაქვს შესაძლებლობა ევროკავშირში გაწევრიანების და ცხრა რეკომენდაციის შესრულებით წინ წავიდეთ ევროკავშირის გზაზე, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არჩევნები და ჩვენი მთავარი დევიზია „ძალა ერთობაშია“, ბუნებრივია, ერთობა უნდა იყოს მნიშვნელოვანი ამოცანა ყველა პოლიტიკური ჯგუფის თუ პოლიტიკოსისთვის, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პარტიული.

შესაბამისად, აბსოლუტურად გასაგებია პრეზიდენტის ინიციატივა, რომ ერთობა შედგეს ქვეყნის ევროპულ მომავალზე და დემოკრატიაზე. ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით არანაირი თანხმობა როცა არ არსებობს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ევროკავშირმა ჩათვალოს შესრულებულად, როცა „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა სამუშაო ჯგუფებზე და არც შარშან გამოუჩენია პოლიტიკური ნება, როდესაც რუსეთის აგრესია კიდევ უფრო იგრძნობა ქვეყნის შიგნით, ამ მოცემულობაში, ბუნებრივია, რომ პრეზიდენტს, რომელიც არის ზეპარტიული, არჩეულია ყველაზე დიდი ლეგიტიმაციით, ჰქონდეს სურვილი, შეთანხმება, გაერთიანება მოხდეს საქართველოს ევროპულ მომავალზე. ვიწონებ ამ ინიციატივას და მზაობას ვაცხადებ ჩართულობაზე. ვაპირებ, შევხვდე პრეზიდენტს და ვისაუბროთ, როგორ შეგვიძლია გაერთიანება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დაცულობა, ამიტომ ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის““.