თეონა აქუბარდია - პარლამენტში ბიუჯეტის პროექტი ვიდრე შემოვა, ვაყენებ საკითხს, რომ საბჭოთა რეპრესირებულების ოჯახის წევრებს დახმარება გაეზარდოთ
თეონა აქუბარდია - პარლამენტში ბიუჯეტის პროექტი ვიდრე შემოვა, ვაყენებ საკითხს, რომ საბჭოთა რეპრესირებულების ოჯახის წევრებს დახმარება გაეზარდოთ

პარლამენტში ბიუჯეტის პროექტი ვიდრე შემოვა, ვაყენებ საკითხს, რომ საბჭოთა რეპრესირებულების ოჯახის წევრებს დახმარება გაეზარდოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიამ საბჭოთა რეპრესირებულების ოჯახის წევრებისთვის სოციალური დახმარების გაზრდის საკითხზე პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა.

„საბჭოთა რეპრესირებულების ოჯახის წევრებისთვის სოციალური დახმარება 7 ლარია, რომელიც 2006 წლიდან არ შეცლილა და პირიქით, მოცემულობაში გაუარესდა, რამდენადაც არც სოციალური, არც კომუნალური და არც ტრანსპორტის კუთხით არანაირი შეღავათები ამ მოქალაქეებზე არ მოქმედებს.

მე დამიკავშირდა 88 წლის ქალბატონი, რომელიც ყოველდღე უყურებს პარლამენტის სხდომებს და აინტერესებს და ელოდება, გაიზრდება თუ არა მისთვის 7 ლარიდან 44 ლარამდე დახმარება, რომელიც მას, როგორც რეპრესირებულთა ოჯახის წევრს, ეკუთვნის. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მხოლოდ არჩევნებისთვის ხდება იმ სეგმენტის დაფინანსება, რომელიც არჩევნებისთვის არის აუცილებელი. სულ 4 მილიონამდეა საჭირო იმისთვის, რომ 9 ათასამდე მოქალაქეს 44 ლარამდე გაეზარდოს სოციალური დახმარება, ისე როგორც სხვა ჯგუფებს აქვთ ბიუჯეტიდან დახმარება. ეს იქნება ამ ადამიანებისთვის გარკვეული დაფასება სახელმწიფოს მხრიდან. სანამ ბიუჯეტის პროექტი შემოვა პარლამენტში განსახილველად, ვაყენებ საკითხს, რომ საბჭოთა რეპრესირებულების ოჯახის წევრებს დახმარება 7-დან 44 ლარამდე გაეზარდოთ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.