თეონა აქუბარდია - ოპოზიციონერ კოლეგებს ვთხოვ, გაკეთდეს საერთო განცხადება რუსეთის განგრძობად მილიტარიზაციასთან დაკავშირებით ნატო-სა და ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების სახელზე
თეონა აქუბარდია - ოპოზიციონერ კოლეგებს ვთხოვ, გაკეთდეს საერთო განცხადება რუსეთის განგრძობად მილიტარიზაციასთან დაკავშირებით ნატო-სა და ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების სახელზე

პარტია „საქართველოდან“ რამდენიმე დეპუტატმა და მე დავაინიცირეთ რეზოლუციის პროექტი, რომლის მიზანი იყო, პარტნიორების მხრიდან მომხდარიყო სათანადო შეფასება ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო მუდმივი ფლოტის განთავსებაზე, ასევე, პრევენცია იმისა, რომ ოკუპირებული რეგიონები არ გამხდარიყვნენ რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს წევრები, – ამის შესახებ ოპოზიცონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, ჩანს „ქართული ოცნების“ ტაქტიკა, რომ რეზოლუციის განხილვა გაიწელოს ისე, როგორც ეს მოხდა სხვა რეზოლუციების შემთხვევაში და პარლამენტის ერთიანი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ იყოს ჩამოყალიბებული.

„თქვენ ალბათ ამ უაზრო მსჯელობაში გამოგეპარათ, მაგრამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები არიან ახლა მინსკში, თითქოს მერე რა, არც არაფერი ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მცდელობა, რომ ჩვენი ოკუპირებული რეგიონები შევიდეს ამ გაერთიანებაში, არსებობს. სწორედ ეს იყო რეზოლუციის მიზანი, რომ ეს ორი ფაქტი შეეფასებინა საქართველოს პარლამენტს და მოეწოდებინა პარტნიორებისთვის დაგმობისკენ, ისევე როგორც ეს აქამდე გვიქნია. გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინე, მათ შორის თავდაცვის კომიტეტეტზე კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება, რომ ოჩამჩირეში ინფრასტრუქტურის გაფართოება არსებითად არ ცვლის რისკებს. ისევე როგორც სუს-ის განცხადება იყო ამასთან დაკავშირებით, რომ სამი წელი კიდევ ვერ იქნება აქ ბაზა. თუმცა ამ მოცემულობაში ჩვენ ვხედავთ ტაქტიკას, რომ რეზოლუციის განხილვა გაიწელოს ისე, როგორც ეს სხვა რეზოლუციების შემთხვევაში მოხდა და პარლამენტის ერთიანი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ იყოს ჩამოყალიბებული, რადგან პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არცერთ რეზოლუციას, რომელსაც ოპოზიცია აინიცირებს, ხმას არ მისცემენ. იმავდროულად, ითქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის განცხადების იქით არ წავა საქმე“, – განაცხადა აქუბარდიამ.

თეონა აქუბარდიას განმარტებით, ოპოზიციონერ კოლეგებს სთხოვს, გაკეთდეს საერთო განცხადება რუსეთის განგრძობად მილიტარიზაციასთან დაკავშირებით ნატო-სა და ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების სახელზე.

„იმ მოცემულობაში, როცა ჩვენ ვერ ვთანხმდებით საფრთხეების მომატებაზე, რომელსაც რუსეთი ქმნის და არათუ ვერ ვთანხმდებით, არამედ პოლიტიკაა პრობლემა დღეს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, იმავდროულად, პრობლემაა ანტიდასავლური პროპაგანდა რუსეთის ოკუპაციის და ანექსიის პროცესის საპირწონედ, ვფიქრობ, ოპოზიციის მხრიდან ერთიანი პოზიცია იქნება ადეკვატური, მიუხედავად „ოცნების“ დამაზიანებელი განცხადებებისა. როდესაც ვსაუბრობთ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ბატონო შალვა, თქვენ შეკრულ წრეს, რომელიც უწოდეთ ევროკავშირის და ამერიკის დახმარებას, USAID-ზე და ევროკავშირის ფონდზეა საუბარი, თითქოს ეს ორგანიზაციები საქართველოში ახალისებენ ექსტრემიზმს და ამერიკა ერეოდა საქართველოს არჩევნებში, USAID-ის წარმომადგენელმა უწოდა დეზინფორმაცია. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ამ დეზინფორმაციულ პროცესში თქვენ წამყვანი როლი იკისრეთ. მთელი მსოფლიო როცა საუბრობს, რომ რუსეთი ერევა დემოკრატიულ არჩევნებში, თქვენ თქვით, რომ USAID-ი იყო ამ ყველაფერში გარეული და თქვით, რომ ახალისებს ევროკავშირი, ისევე როგორც USAID-ი ექსტრემიზმს საქართველოში, ისაუბრეთ გამოძიებაზე, რომელსაც სუს-ი ახორციელებს, მოიყვანეთ ეს სამი კონკრეტული მაგალითი. ასევე, ვერ დაინახეთ პრობლემა, როცა მთავარი ოკუპანტი ქვეყნის ლიდერთან, პუტინთან შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრი დარბაზში იმყოფებოდა, ეს ღირსების პრობლემადაც არ მიგაჩნიათ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.