თეონა აქუბარდია - მოგიწოდებთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა კონსენსუსით მოხდეს
თეონა აქუბარდია - მოგიწოდებთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა კონსენსუსით მოხდეს

დღის წესრიგში გვაქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი ისე, რომ არ გვქონია კონსენსუსის მიღწევის მცდელობა. მოგიწოდებთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს საკითხი არ ჩავარდეს, რადგან მართლმსაჯულების რეფორმა არის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილი. ვეცადოთ, მოვახერხოთ კონსენსუსის მიღწევა, რათა ამ საკითხში გვქონდეს მნიშვნელოვანი წინსვლა და არა ისე, რომ პოლიტიკურ ნებას გადავაყოლოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის ბოლო კვლევებითაც დასტურდება, რომ მოსახლეობის დაკვეთაა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება.

„ჩემი, როგორც ერთი დეპუტატის, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის სურვილია, ეს რეკომენდაციები შევასრულოთ ერთად. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და ნების დემონსტრირება იქნება სწორედ კონსულტაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც სახალხო დამცველზე. ჩვენ ამის მზაობას ვაფიქსირებთ. ეს არის მოსახლეობის დაკვეთა, ეს არის ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტი, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გააკეთოთ ყველაფერი, გავმართოთ კონსულტაციები ისე, რომ არ ჩაიშალოს პროცესი და შევძლოთ კონსენსუსის მიღწევა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დეპუტატის გამოსვლის ტექსტს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.