თეონა აქუბარდია - მოგიწოდებთ, დროულად მოვუსმინოთ და დავუსვათ კითხვები სუს-ის უფროსს, რომელსაც აქვს ვალდებულება პარლამენტის წინაშე
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ კოლეგებს მოუწოდა, პარლამენტში წარმოდგენილი სუს-ის ანგარიშის განხილვა საშემოდგომო სესიისთვის არ გადადონ.
„მოგიწოდებთ და გთხოვთ, ამ ანგარიშის განხილვა არ გადადოთ საშემოდგომო სესიაზე და დროულად მოვუსმინოთ და დავუსვათ კითხვები სუს-ის უფროსს, რომელსაც აქვს ვალდებულება პარლამენტის წინაშე წარდგეს. რატომ აჯანჯლებს ხელისუფლება ამ „საცოდავი“ ანგარიშის განხილვასაც კი პარლამენტში, როდესაც ნატო-ს სამიტი ახლოვდება და ჩვენ ნატოელ პარტნიორებს უნდა ჩავაბაროთ ანგარიში, მათ შორის, სუს-ის ზედამხედველობასთან მიმართებაში, თუ როგორ ახორციელებს მთავრობა უსაფრთხოების სამსახურების ანგარიშვალდებულებას და გავცეთ ყველა იმ კითხვას პასუხი, რომლებიც დაისვა ბრიუსელში, ევროპულ დედაქალაქებში, საქართველოში და რატომ არ არის გამოძიება იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია ჩვენი დემოკრატიისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, სპეცსამსახურებზე ზედამხედველობა არის დემოკრატიის ნაწილი და პირველად მოხდა, რომ ნატო-მ საქართველოს უსაყვედურა და მოუწოდა რომ ამ მიმართულებით ემუშავა“, – მიმართა თეონა აქუბარდიამ კოლეგებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მალე ნატო-ს მადრიდის სამიტი გაიმართება და სამწუხაროა, რომ იმის თაობაზე, თუ რა მოლოდინები აქვს საქართველოს ამ ისტორიულ სამიტთან მიმართებაში და რამდენად დავუახლოვდებით ნატო-ში გაწევრიანებას, ამ დარბაზში დისკუსია ჯერ არ შემდგარა.
„მინდა, ნატო-ში გაწევრიანების კუთხით აქცენტი გავაკეთო ნატო-ს გენერალური მდივნის გასული წლის დეკემბრის განცხადებაზე, როდესაც ის პრემიერ ღარიბაშვილს შეხვდა და სადაც მან დემოკრატიულ რეფორმებთან ერთად, მოუწოდა პრემიერს, რომ უსაფრთხოების სექტორზე ანგარიშვალდებულება განეხორციელებინა. ეს მოწოდება უკავშირდებოდა 2021 წლის სექტემბერში გახმაურებულ საქმეს, სავარაუდოდ, სუს-იდან გამოჟონილი კრებსის შესახებ, რომლის გამოძიების შესახებაც 18 მაისს, ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ არაეფექტიანად შეაფასა.
ყველას კარგად გვახსოვს, აღნიშნულ საქმეს როგორ გამოეხმაურა დასავლეთის ქვეყნების ყველა ელჩი, ჩვენი ელჩი ბრიუსელშიც კი იყო დაბარებული, რამდენადაც სავარაუდო უკანონო მიყურადება ასევე უკავშირდებოდა ჩვენს პარტნიორ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც. სუს-ის განსახილველ ანგარიშში კი ნაცვლად იმისა, რომ გამოძიების შედეგებზე ყოფილიყო საუბარი, გადაბრალდა აქაც ასევე პოლიტიკურ სპექტრს.
რეგლამენტის თანახმად, სუს-ის ანგარიში აპრილშია შემოსული პარლამენტში და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საკომიტეტო მოსმენებზეც კი არ დაწყებულა ამ ანგარიშის განხილვა, არა თუ პლენარულ სხდომაზე. მოგიწოდებთ და გთხოვთ, ამ ანგარიშის განხილვა არ გადადოთ საშემოდგომო სესიაზე და დროულად მოვუსმინოთ და დავუსვათ კითხვები სუს-ის უფროსს, რომელსაც აქვს ვალდებულება პარლამენტის წინაშე წარდგეს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.