თეონა აქუბარდია - ჯეიმს აპატურაის ვიზიტისას კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ნატო-ს კარი ღიაა და არ შეაჩერებს გაფართოებას
თეონა აქუბარდია - ჯეიმს აპატურაის ვიზიტისას კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ნატო-ს კარი ღიაა და არ შეაჩერებს გაფართოებას

„რეფორმების ჯგუფის“ წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის ჯეიმს აპატურაის მიერ დღეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი გაკეთდა.

მისივე თქმით, ჯეიმს აპატურაის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ალიანსის კარი ღიაა და ნატო არ შეაჩერებს გაფართოებას.

„ეს ვიზიტი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ნატო-ს კარი არის ღია და ნატო არ შეაჩერებს გაფართოებას, მიუხედავად რუსეთის აგრესიისა. ეს არის პოლიტიკური განაცხადი და მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რომელსაც ნატო-ში წევრობა როგორც კონსტიტუციით, ასევე მოსახლეობით აქვს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ჯეიმს აპატურაის მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამართული დახურული ფორმატის შეხვედრაზე საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„აგრესიის ფონზე, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, რა თქმა უნდა, საფრთხეები გაზრდილია ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. მით უფრო 2008 წლის აგვიტოს ომის აგრესიის ფონზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერება რუსეთის მნიშვნელოვანი ამოცანაა. მიმართულება, რომელსაც ის ახალი პოზიციიდან კურირებს, არის ჰიბრიდული საფრთხეები, კიბერუსაფრთხოება, ენერგოუსაფრთხოება და ამ მიმართულებით აპრილში საგარეო მინისტერიალზე საქართველოსთვის კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ ნატო საქართველოს მხარდაჭერას მეტად გააძლიერებს. დახურულ შეხვედრაზე ამაზე ვისაუბრეთ, ასევე, რა უნდა გააკეთოს თვითონ საქართველომ, რათა ამ მიმართულებით გააძლიეროს შესაძლებლობები და იყოს უფრო მედეგი საფრთხეებთან მიმართებით. ბევრი რამ დამოკიდებული არის თავად საქართველოს მთავრობაზე და იმაზე, რას მოითხოვს და რას შეძლებს, რომ განახორციელოს. თუმცა ეს არის პოლიტიკური მნიშვნელობის ვიზიტი, ისევე როგორც პრაქტიკული თანამშრომლობა, რომელიც უკვე მთავრობის ხელშია. რუსული აგრესიის ფონზე ნატო გვთავაზობს დამატებით შესაძლებლობებს საქართველოსთვის, საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას. საქართველოს მთავრობამ ეს შესაძლებლობები ადეკვატურად უნდა გამოიყენოს “, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დღეს პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დახურული შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, მადრიდის სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან კიდევ ერთხელ ელოდება დადასტურებას, რომ ალიანსის კარი ღიაა საქართველოსთვის.