თეონა აქუბარდია ილია დარჩიაშვილს მოუწოდებს, სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილების თაობაზე დამგმობი განცხადება გააკეთოს
თეონა აქუბარდია ილია დარჩიაშვილს მოუწოდებს, სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილების თაობაზე დამგმობი განცხადება გააკეთოს

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუწოდებს, სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილების თაობაზე დამგმობი განცხადება გააკეთოს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აქუბარდიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ კაპიტულანტური პოლიტიკის მიუხედავად, რუსეთის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიის გაგრძელების პროცესი მიმდინარეობს, რისი დასტურიცაა ის, რომ ხელი მოეწერა ე.წ. ხელშეკრულებას, რომლის გათვალისწინებით, სოხუმის აეროპორტი 49 წლით რუსეთს გადაეცა.

„საუბარია აეროპორტის გადაცემაზე არა მხოლოდ რეკონსტრუქციისთვის, არამედ საუბარია ათი ათასს კვადრატულ ტერიტორიაზე. „ქართული ოცნება“ მორიგი ანექსიის ფაქტზე დუმილს ირჩევს ისევ ისე, როგორც ეს ბიჭვინთვის შემთხვევაში მოხდა. ხელისუფლებამ რუსეთთან პირდაპირი ფრენები დაუშვა, რუსულ გემებს იღებს და ამ მოცემულობაში რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიის პროცესს აგრძელებს. ხელისუფლება ანექსიის პროცესზე ხმის ამაღლებას ვერც კი ბედავს. საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ „იკაოსთან“ მუშაობა მიმდინარეობს და საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ, თუმცა სოხუმის აეროპორტის უკანონო გადაცემაზე მათი მხრიდან დამგმობი ვერცერთი განცხადება ვერ მოვისმინეთ. მოცემულობა გვაქვს, როცა ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ეროვნულ ინტერესებზე უარს ამბობს. ამ ფონზე ვხედავთ, საქართველოს კრემლს ნაწილ-ნაწილ როგორ აბარებენ და რუსული გავლენების გაძლიერების წინააღმდეგ მოსახლეობის აქტიურობას, პირიქით, ქაჯობას უწოდებენ“, – განაცხადა აქუბარდიამ.

აფხაზურმა მედიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სოხუმის აეროპორტი 49-წლიანი სარგებლობის ვადით რუსულ მხარეს გადაეცემა.