თეონა აქუბარდია - ფარული ჩანაწერები ჩემთვის სასაცილოა, მე მჯერა ღმერთის, სხვა დანარჩენი არის ფაბრიკაცია
თეონა აქუბარდია - ფარული ჩანაწერები ჩემთვის სასაცილოა, მე მჯერა ღმერთის, სხვა დანარჩენი არის ფაბრიკაცია

ეს ფარული ჩანაწერები ჩემთვის სასაცილოა, მე მჯერა ღმერთის, სხვა დანარჩენი არის ფაბრიკაცია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ ფარულ ჩანაწერს სჭირდება დადასტურება, რომ ავთენტურია და ეს არ მომხდარა.

„ეს ფარული ჩანაწერები ჩემთვის ძალიან სასაცილოა და კიდევ ერთი დიაგნოზია „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამის. ნებისმიერ ფარულ ჩანაწერს სჭირდება დადასტურება, რომ ავთენტურია და ეს არ მომხდარა. ასეთი ტიპის სასაცილო ფარული ჩანაწერებით იმ პოზიციების გამყარება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, ნამდვილად გაუჭირდება. მე მჯერა ღმერთის. სხვა დანარჩენი არის ფაბრიკაცია ან ავთენტური, მაგრამ ეს დამტკიცებული არ არის. არ ვიცი, რა იყო ისეთი, რაც „ქართულ ოცნებას“ ახეირებს. რაც არ უნდა დრამატურგია დახატონ, მათ შორის, სუს-ი მიეშველოს ამ ფარული ჩანაწერებით, რომ აქ  დასავლეთი რევოლუციას გეგმავს, ეს ღიმილს იწვევს. „ქართულ ოცნებას“ უჭირს პროპაგანდაში და მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციაში, რომელიც ემსახურება ქვეყნის კონსტიტუციური ჩარჩოს დაცვას საშინაო და საგარეო ვექტორის კუთხით“, – აღნიშნა აქუბარდიამ

ოპოზიციონერმა დეპუტატის თქმით, ფარული ჩანაწერების ტექნიკა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოყოლებული მავნე პრაქტიკაა.

„უცხოური ნომრებით სატელეფონო ზარები და გინებების კორიანტელი, რომელიც „ნაცებს“ თურმე 2007 წელსაც ჰქონდა გამოყენებული, აჩვენებს, „ქართული ოცნება“ როგორ ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“. განსხვავება ისაა,  რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს კრემლის იმედი. პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი ამ ქვეყანაში ხომ არავის არ გაუუქმებია. საიდანაა ეს სატელეფონო ბაზა ამ ორგანიზებული ჯგუფის ხელში და როგორ მოხდა, რომ ისინი „რუსული კანონის“ დამცველები აღმოჩნდნენ, აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს? ასეთი მდარე მეთოდები, იქნება ეს ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება თუ გინების კორიანტელი, კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.