თეონა აქუბარდია - უსაფრთხოება, ქვეყნის ინტერესები ის მთავარი საკითხებია, რომელთა ირგვლივაც უნდა შევძლოთ გაერთიანება, ეს შესაძლებლობა თუ გავუშვით ხელიდან, ქვეყანას შესაძლოა, მძიმე შედეგები დაუდგეს
თეონა აქუბარდია - უსაფრთხოება, ქვეყნის ინტერესები ის მთავარი საკითხებია, რომელთა ირგვლივაც უნდა შევძლოთ გაერთიანება, ეს შესაძლებლობა თუ გავუშვით ხელიდან, ქვეყანას შესაძლოა, მძიმე შედეგები დაუდგეს

დიდი ხანია, პარლამენტის ტრიბუნიდან მივმართავ უმრავლესობას, ისევე როგორც სხვა ოპოზიციურ ძალებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვის ორ რამეზე თანხმობის მიღწევა. ერთია, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა, მეორეა, ევროინტეგრაციის, ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანების საკითხები, რომელიც არის გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთიანობის გარეშე, მართ შორის პოლიტიკური ძალების ყურადღებისა და ერთობლივი მუშაობის გარეშე, ეროვნული უსაფრთხოებისა და ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფის მიღწევა შეუძლებელია.

„შესაბამისად, მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებაც არის სწორედ კიდევ ერთი მცდელობა, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა შევძლოთ გაერთიანება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს რუსეთიდან მომდინარეობს და სუვერენიტეტის საკითხი გვიდგას სასწორის აქეთ მხარეს, ისევე როგორც მეორე მხრივ შესაძლებლობაა ევროკავშირში გაწევრიანება, რომლის შესახებაც განაცხადი პრემიერმა ერთპიროვნულად გააკეთა. ამ საკითხებზე უნდა გვქონდეს არა მხოლოდ განცხადებებით ერთობა, არამედ მუშაობითა და კონკრეტული ქმედებით. სწორედ ამ მიზნის უზრუნველსაყოფად მივმართეთ როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე კონკრეტული დღის წესრიგი შეიქმნას არა მხოლოდ მთავრობაში, არამედ პარლამენტში, ამავდროულად, მივმართეთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს, დახურულ ფორმატში მაინც ვისაუბროთ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მისი განცხადებით, საფრთხეები არა მხოლოდ უნდა განიხილონ, არამედ საჭიროა, არსებობდეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

„სულ მცირე ვიცოდეთ, რას აკეთებს ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ ვიცით, რას არ აკეთებს. დღეს ეს არის სწორედ მთავარი გამოწვევა, გარდა რუსეთის აგრესიისა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ვერ შევძელით გაერთიანება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ირგვლივ. მთავარი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა ერთობის შესაძლებლობა არ დაეშვა. ეროვნული უსაფრთხოება და ქვეყნის ეროვნული ინტერესები უნდა იყოს ის მთავარი საკითხები, რის ირგვლივაც ჩვენ გაერთიანება უნდა შევძლოთ, რამდენადაც ეს არის ქვეყნის ინტერესი და არაპარტიული ინტერესი. ამ მძიმე ვითარებაში ეს შესაძლებლობა თუ კიდევ ერთხელ გავუშვით ხელიდან, ქვეყანას შეიძლება, ძალიან მძიმე შედეგები დაუდგეს არა მხოლოდ აწმყოში, არამედ მომავლისთვის“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.