თეონა აქუბარდია - ბრიტანეთში ვიზიტისას კიდევ ერთხელ მივიღეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ნატო-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერის დადასტურება
თეონა აქუბარდია - ბრიტანეთში ვიზიტისას კიდევ ერთხელ მივიღეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ნატო-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერის დადასტურება

გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის მნიშვნელობა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს იმ დროში, როდესაც დღეს დასავლეთი ცდილობს, არ დაუშვას ომი რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ. ამ კუთხით საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია, განსაკუთრებით, ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის პირობებში, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს, არის მნიშვნელოვანი გზავნილი, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს ლონდონში განუცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იმყოფება.

დეპუტატის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა, უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო.

„შეხვედრებზე საუბრის მთავარი საკითხი იყო დიდი ბრიტანეთი-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც რუსეთიდან მომდინარეობს როგორც უკრაინის, ასევე, საქართველოს მიმართ. აქცენტი გავაკეთეთ როგორც უკრაინის მხარდაჭერაზე, ასევე, იმ გაუარესებულ მდგომარეობაზე, რომელიც საქართველოშია რუსული ოკუპაციიდან გამომდინარე. ასევე, ვისაუბრეთ ევროპის მხრიდან ერთიანი მიდგომით რუსეთის შეკავების საჭიროებაზე. კიდევ ერთხელ მივიღეთ როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერის დადასტურება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე ევროპული უსაფრთხოების პერსპექტივისთვის.

ამ ვიზიტის მნიშვნელობა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს იმ დროში, როდესაც დღეს მთელი დასავლეთი ცდილობს, არ დაუშვას ომი რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ. ამ კუთხით საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია, განსაკუთრებით ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის პირობებში, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს, არის მნიშვნელოვანი გზავნილი. ასევე, მნიშვნელოვანია დასავლეთისა და გაერთიანებული სამეფოს პოზიცია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის პატივისცემასთან დაკავშირებით.

ასევე, ვისაუბრეთ დიდ ბრიტანეთს, უკრაინასა და პოლონეთს შორის შექმნილ ახალ ალიანსსა და ერთიან ძალისხმევაზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ევროპაში ახორციელებს უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა „ვესტმინსტერის ფონდში დემოკრატიისთვის“, სადაც დემოკრატიის განმტკიცებაზე, პარლამენტის გაძლიერებასა და ინსტიტუციურ რეფორმებზე იმსჯელეს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი.