თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური გუნდი პარლამენტის დატოვებას ამ ეტაპზე არ განიხილავს
თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური გუნდი პარლამენტის დატოვებას ამ ეტაპზე არ განიხილავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური გუნდი პარლამენტის დატოვებას ამ ეტაპზე არ განიხილავს.

როგორც ჟურნალისტებს აქუბარდიამ განუცხადა, საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებაა, რომ „ქართული ოცნება“ შეთანხმების ცალმხრივი გაუქმებით ღიად პრორუსულ გზას დაადგა.

„პირდაპირ გვითხრეს, რომ ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს. პირდაპირ მიგვითითეს, რომ დასავლეთი მათ შორის განიხილავს სანქციების დაწესებასაც. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორების შეფასებებს დაველოდოთ. აქტიურ კომუნიკაციაში ვართ პარტნიორებთან, მომდევნო ნაბიჯებს ამის შემდეგ გადავწყვეტთ. საუბარი არ არის მხოლოდ პარლამენტის დატოვებაზე, საუბარია, თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ ქვეყნის საგარეო კურსი და დემოკრატია. ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველო რუსეთისკენ ღიად მიჰყავს. კარგი არ არის აჩქარება, ამ ეტაპზე პარლამენტის დატოვებას არ განვიხილავთ. ველოდებით, გარანტორების პოზიციებს. ასევე, კონსულტაციებს ვაწარმოებთ პოლიტიკურ პარტიებთან. კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული იქნება ამ კონსულტაციების შედეგად. აუცილებელი იყო, შეთანხმებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შემოერთება, რათა „ქართული ოცნებისთვის“ საბაბი არ მიგვეცა ასეთი გადაწყვეტილებისთვის, თუმცა შეთანხმების გაუქმებაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება“, – განაცხადა აქუბარდიამ.