„არსენალისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა გარემარბმა, ტეო უოლკოტმა ფეხბურთიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. თავის გადაწყვეტილებაზე 34 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
უოლკოტი „საუთჰემპტონის“ აღზრდილია, საიდანაც 2006 წლის იანვარში 10.5 მილიონ ევროდ გადავიდა „არსენალში“.
ლონდონურ კლუბში მან 12 წელი ითამაშა, რის შემდეგაც 2018 წლის იანვარში „ევერტონში“ გადაბარგდა. 2020-21 წლების სეზონი უოლკოტმა მშობლიურ „სოტონში“ იჯარის წესით გაატარა, ბოლო ორი წელი კი „საუთჰემპტონში“ ითამაშა.
გასული სეზონის შემდეგ ინგლისელმა მშობლიური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
კარიერის განმავლობაში უოლკოტმა საკლუბო დონეზე 567 მატჩი ჩაატარა, 132 გოლი გაიტანა და 95 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მას სამჯერ აქვს მოგებული ინგლისის თასი და ორჯერ – ინგლისის სუპერთასი.
ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში უოლკოტმა 47 მატჩი და და რვა გოლი დააგროვა.