თენგო თევზაძე – წესით, ადამიანებს წაკითხული უნდა ჰქონდეთ რუსთაველიც, სერვანტესიც, შექსპირიც და სხვებიც, ვინ დაინახა საკუთარი თავი, ჩემი შესაფასებელი ვერ იქნება
საქართველოს გადაარჩენს მხოლოდ ის გზა, რასაც ჰქვია კოორდინაციის, თანამშრომლობისა და ძალების გაერთიანების გზა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა და პარტია „ახლის“ წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ განაცხადა.
თევზაძის თქმით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ აქვს თავისი გზა და სტრატეგია, რომელიც არის კოორდინაციის და თანამშრომლობის გზა.
„რაც შეეხება იმ გზას, რომ ვიღაც არის საუკეთესო და მხოლოდ მან იცის ჭეშმარიტება, ეს გზა ჩვენ არაერთგზის ვნახეთ და არაერთგზის დამარცხებულა. ამიტომ აქ მთავარია, რომ ჩვენ, „კოალიცია ცვლილებისთვის“, გვაქვს ჩვენი გზა, სტრატეგია, რომელიც არის კოორდინაციის და თანამშრომლობის გზა. ამ გზას მივყვებით, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ეს შეიძლება იყოს გამარჯვების საფუძველი და საწინდარი. სხვა პარტიებმა კი მიხედონ საკუთარ პარტიებს, საკუთარ პარტიებში გაზარდონ ბრძოლის მოტივაცია და ერთმანეთს მაგალითი მისცენ, როგორი შეიძლება იყოს ბრძოლაში მაგალითის მიცემა. ვერანაირ სტატუსში ქვეტექსტებისა და შინაარსის ძებნას ვერ დავიწყებ. შოთა რუსთაველიც, სერვანტესიც, შექსპირიც და სხვებიც, წესით, ადამიანებს წაკითხული უნდა ჰქონდეთ და ანალიზი თავად უნდა გააკეთონ. ვინ დაინახა საკუთარი თავი, ეს ჩემი შესაფასებელი ვერ იქნება. ვიცი, რომ ბრძოლა უნდა იყოს ეროვნულ-დემოკრატიულ ძალებს შორის კოორდინაციით“, – განაცხადა თენგო თევზაძემ.
შეგახსენებთ, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ავტორიტარული ილუზიებისა და პროპაგანდის დასამარცხებლად საზოგადოებას სჭირდება არა დონკიხოტობა ან ჰამლეტობა, არამედ ავთანდილობა. ერთად უნდა დავანგრიოთ ქაჯეთის ციხე“.
ნიკა გვარამიას პოსტს გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც მიხეილ სააკაშვილმა დაწერა: „ძვირფასო ნიკა გვარამია, რა საჭირო იყო ასეთი ჩახვეული პოსტი, რა სერვანტესი, რა ავთანდილი, პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე“.