თენგო თევზაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, პლენუმის წინ ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს
1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. მე ვარ ამაყი, რომ, ჩემს მეგობრებთან ერთად, ვიცავ იმ ღირებულებებს, რა იდეითაც საარჩევნო ყუთთან მაშინ საქართველოს მოქალაქე მივიდა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, თენგო თევზაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.
თევზაძის თქმით, მაშინ მთავარ მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენა და 1921 წლის დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი მემკვიდრეობის აღდგენა.
„ვემსახურები იმავე იდეას და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, პლენუმის წინ ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს. ალბათ პლენუმის წევრებიც მეთანხმებით, რომ თქვენც ამავეს გააკეთებთ“, – აღნიშნა თენგო თევზაძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.