თენგო თევზაძე – ოპოზიციური ალიანსი იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არის დისფუნქციური, ამ შემადგენლობით არ არსებობს, მაგრამ ალიანსში მყოფ პარტიებთან გვაქვს კოორდინაცია
ალიანსის ანონსი, რომელიც 31 მარტს გაკეთდა 26 მაისთან დაკავშირებით, იყო საზოგადოების მობილიზაცია და ეს, ძირითადად, თბილისს ეხებოდა, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ გენერალურმა მდივანმა, თენგო თევზაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა მაშინ აქციაზე და იყო ასე ვთქვათ, ძალიან დიდი პროტესტი, რაოდენობრივად ძალიან ბევრი ადამიანი იყო აქციაზე. ჩვენ ვთქვით, რომ ეს მობილიზაციის კამპანია გაგრძელდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით და შემდეგ იქნებოდა კიდევ უწყვეტი პროტესტი. ჩვენ ვხედავთ და ვხედავდით, რომ უკვე 27 მაისიდან, რატომღაც, კონკრეტულმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და ლიდერებმა ჩათვალეს, რომ რაღაცნაირად, საფრთხე შეიძლება, ყოფილიყო ოპოზიციის კოორდინაცია და ეს არის ძალიან სამწუხარო. შემდეგ „კოალიცია ცვლილებისთვის“ რაღაც, ასე ვთქვათ, ზღაპრების მთელი ჯაჭვი იყო, იქიდან დაწყებული, რომ ზოგი ამბობდა 20 მილიონი ლარი, ზოგი 40 მილიონი დოლარი“, – განაცხადა თევზაძემ.
ამ განცხადებით თენგო თევზაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რეალურად რითი იყო ეს სამი თვე დაკავებული ოპოზიცია და რამდენად შესრულდა ის გეგმა, რომელიც მათ საკუთარ მხარდამჭერებს დაუანონსეს ჯერ კიდევ 26 მაისის აქციაზე, რადგან ოპოზიციურ ფლანგზე, მთელი ამ სამი თვის განმავლობაში, საზოგადოებას ძირითადად, ესმოდა ერთმანეთის მისამართით საკმაოდ მძიმე და შეურაცხმყოფელი ურთიერთბრალდებები.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, შეუშალა თუ არა ამ დაპირისპირებამ მათ ხელი გეგმის განხორციელებაში და დანაპირების შესრულებაში, თევზეძემ განაცხადა, რომ მათ ხელს არაფერი არ შეუშლით.
„არა, ჩვენ არაფერი ხელს არ შეგვიშლის, ჩვენ გავაგრძელებთ საქმიანობას. ასევე გვაქვს კოორდინაცია და ეს კოორდინაცია გრძელდება“, – განაცხადა თევზაძემ.
შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ისევ ოპოზიციური ალიანსი, თევზაძემ თქვა, რომ ოპოზიციური ალიანსი იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არის დისფუნქციური.
„ამ შემადგენლობით არ არსებობს, მაგრამ ოპოზიციის ალიანსში მყოფ პოლიტიკურ პარტიებთან გვაქვს ჩვენ აქტიური კოორდინაცია. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შეკრება გვქონდა ორი დღის წინ, პარტია „ახალის“ ოფისში, მაგალითად“, – განაცხადა თევზაძემ.
მისი თქმით, შემდეგი პროცესი უნდა იყოს პროტესტი და უნდა იყოს შემდეგი მესიჯით – „საქართველო ბიძინას გარეშე“.
„საქართველო ბიძინას გარეშე არის უახლოესი გეგმა. პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა, აფხაზეთიდან დევნილმა ორგანიზაციამ დღეს დააანონსეს 27 სექტემბერს აქცია სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ამ აქციას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ვუერთდებით. ეს ერთი, 27 სექტემბერს იქნება აქცია და აქ პარტია „ახალი“ და არა მარტო პარტია „ახალი“, არამედ „კოალიცია ცვლილებისთვის“ შემავალი ყველა პარტია იქნება ამ აქციაზე. ჩვენ უახლოეს პერიოდში ვაპირებთ ასევე ფართომასშტაბიანი აქციების დაორგანიზებას და საზოგადოების მობილიზებას კონკრეტული მესიჯის, კონკრეტული პირობის ქვეშ. ჩვენ „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს შევთავაზეთ ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც მისთვის იყო მაშველი რგოლი. ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძემ და მდინარაძემ ხელი ჰკრეს და დააქანეს დაღმართში, რომელიც აუცილებლად მისი დამარცხებით დასრულდება. პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე მოაწერინეს ხელი და ბიძინა ივანიშვილმა, პირდაპირ ვიტყვი, პოლიტიკურად შეირგო ამათი თავგასულობა და დაუშვა ამათი თავგასულობა. ახლა ივანიშვილს ამათზეც მოუწევს პასუხისგება და საბოლოო ჯამში, პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პოლიტიკური შინაარსი არის შემდეგი – საქართველო ბიძინას გარეშე“, – განაცხადა თევზაძემ.
როგორც თევზაძემ თქვა, „ბიძინას გარეშე არის საქართველოს გადარჩენა“.
შეკითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს მათი ამომრჩეველი იმ უმძიმესი ურთიერთბრალდებების ფონზე, რაც ყოფილმა თანაგუნდელებმა მათ წაუყენეს, თევზაძემ აღნიშნა, რომ არანაირი მისი ყოფილი თანაგუნდელი არ ყოფილა არავინ, ვინც მათ ეს ბრალდება წაუყენა და ეს არის მანიპულაცია.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ ისინი თანამოაზრეები იყვნენ და ერთ გუნდს წარმოადგენდნენ, ხოლო როგორც ანი წითლიძემ თქვა, ნიკა გვარამია წლების განმავლობაში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი და გავლენიანი ფიგურა, რაზეც თევზაძემ კითხვით უპასუხა: „თანაგუნდელი იყო თუ იდეოლოგი იყო? ჭკუის საკითხავად თუ მიდიოდნენ, მათ შორის, ვიღაც რომ მოვიდეს და ჭკუა მკითხოს და დარიგება მოითხოვოს, დავარიგებთ, პრობლემა კი არ არის“.