თენგო თევზაძე - ჩანაწერის ავთენტურობას ვერ დაგიდასტურებთ, გამოგონილიც რომ იყოს, არ გამიკვირდება, სიმართლეც რომ იყოს, პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან დანაშაულის შემცველი არაფერი არ არის
თენგო თევზაძე - ჩანაწერის ავთენტურობას ვერ დაგიდასტურებთ, გამოგონილიც რომ იყოს, არ გამიკვირდება, სიმართლეც რომ იყოს, პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან დანაშაულის შემცველი არაფერი არ არის

დანაშაული არის, რომ ტერორისტულ სახელმწიფოს, რუსეთს ბიძინა ივანიშვილი ნავთობპროდუქტების მიღების ნაწილში ეხმარება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, თენგო თევზაძემ განაცხადა.

როგორც თევზაძემ აღნიშნა, ჩანაწერში თავად არ ფიგურირებს და არც ზურაბ ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას ულაპარაკიათ მასთან ამ თემაზე, ამიტომ ავთენტურობას ვერ დაადასტურებს.

„ჩემთვის სრულიად გაუგებარია აქ დანაშაული რა არის? ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესს ღალატობენ, ხალხს ე.წ. მარშუტკებში აწამებდნენ, საქართველოს ევროპული მომავალი მოკლეს, ეროვნულ ინტერესებს უღალატეს და ახლა პირდაპირ მიწა-წყლის გაყიდვაზე გადავიდნენ, ამ ადამიანებთან დაკავშირებით თუ ჩვენს პარტნიორებს ახლა ან მომავალში ვინმე ინფორმაციას მიაწვდის, აქ დანაშაული რა არის? დანაშაული არის ის, რომ ტერორისტულ სახელმწიფოს, რუსეთს ბიძინა ივანიშვილი, მათ შორის, ნავთობპროდუქტების მიღების ნაწილში ეხმარება და ასეთი ფაქტი სულ რაღაც სამი კვირის წინ ვნახეთ, როდესაც ყულევის ტერმინალში სანქცირებული ნავთობი დაიცალა. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტზე რეაგირება ჩვენი პატრიოტული და ეროვნული ნაბიჯია. თუ არ ვცდები, ელენე და ზურა საუბრობდნენ, რომ შესაძლოა, საქართველოს გავლით რუსეთში ირანული დრონები მიდიოდნენ. ეს თუ დადადსტურდა, სამშობლოს ღალატია. როდესაც ამ ტერორისტულ ომში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, საქართველო არა მხოლოდ რუსეთის მხარეს დგას, არამედ გამოდის, რომ შეიარაღებას აწვდის. არ ვიცი, როგორ დაგიდასტუროთ ჩანაწერის ავთენტურობა, მე არ ვარ ამ ჩანაწერში, ეგ ჩემთან არ უსაუბრიათ და არ მაქვს ინფორმაცია. რაც არ ვიცი, არ ვიცი. გამოგონილიც რომ იყოს, გადაჭრილი, მიჭრილი და მოჭრილი არ გამიკვირდება. სიმართლეც რომ იყოს, პრობლემას ამაშიც ვერ ვხედავ, რადგან ამ ჩანაწერში დანაშაულის ნიშნების შემცველი არაფერი არ არის.

მათ ეროვნული ოპოზიციისა და იმ ადამიანების თავისუფლებაზე ყოფნის ეშინიათ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მოსუსტებული რეჟიმისთვის საფრთხეა. უყურეთ, ბრალი წარუდგინა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, დაიჭირა თავდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – ყველა ძირითადი ხელმძღვანელი პირი, ვინც ერთი წლის წინ ხელისუფლებაში იყვნენ, აღმოჩნდა, რომ დამნაშავეა. ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, ოპოზიციის უნდა ეშინოდეს“, – განაცხადა თევზაძემ.

ცნობისთვის, ერთ-ერთი ტელეარხის მიერ გავრცელდა ჩანაწერი, სადაც  „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და  „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე უცხოელებისგან მიღებულ დავალებებზე, მათ შორის სამხედრო შინაარსის ინფორმაციის გადაცემაზე საუბრობენ.